„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქართული საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, ჯამური ოდენობა კი დაახლოებით 75 მლრდ-ია. აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება დაახლოებით 10%-ს უფიქსირდება.
როგორც "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა ლაშა ბაღათურიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც 30 დღეზე მეტ ვადაგადაცილებაში იმყოფებიან მცირედით, 0.46%-ით შემცირდა და 369, 900 ფიზიკურ პირს შეადგენს.
„პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ 2025 წელს ორი მნიშვნელოვანი სიახლე ჰქონდა ბიუროს საქმიანობაში. პირველი ეს იყო, რომ გაუქმდა ბიუროსთვის მისაწოდებელი სესხის ლიმიტი. მანამდე თუ ჩვენს მონაცემთა ბაზაში 10 მილიონ ლარამდე სესხების შესახებ ინფორმაცია იგზავნებოდა, პირველი იანვრიდან ეს ლიმიტი მოიხსნა და სრული ინფორმაცია მოდის ყველა სესხზე.
და მეორე, ეს არის ცვლილება, რომელიც 2025 წლის პირველი იანვრიდან განხორციელდა. ჩვენს მონაცემთა სუბიექტებს, ანუ ფიზიკურ პირებს, მიეცათ საშუალება, რომ სამჯერ უფასოდ გადაამოწმონ საკუთარი საკრედიტო ისტორია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სესხის აღების მომენტში.
რაც შეეხება აქტიურ საკრედიტო ვალდებულებებს, სესხი 1 980 000-ზე მეტ სუბიექტს აქვს, ჯამური ოდენობა დაახლოებით 75 მლრდ-ია. აქ შედის როგორც სების მიერ რეგულირებადი ორგანიზაციები, ასევე სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ. ეს არის ძირითადად საცალო ვაჭრობის კომპანიები, სამშენებლო კომპანიები, სალიზინგო კომპანიები.
პორტფელი დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი. ძირითადი წილის ზრდა მოდის ბანკებზე. რაც შეეხება ვადაგადაცილებას, თუ შევადარებთ 2024 წლის დეკემბერს იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც 30 დღეზე მეტ ვადაგადაცილებაში იმყოფებიან, ცოტათი შემცირებულია, დაახლოებით 0.46%-ით და შეადგენს 369, 900 ფიზიკურ პირს. რაც შეეხება ოდენობას, ოდენობაში ზრდა გვაქვს და ეს არის დაახლოებით 2 მილიარდ 850 მლნ
სამომხმარებლო სესხი, საკრედიტო ბარათი, ოვერდრაფტი, ესენი გამოირჩევა უფრო მეტი რისკიანობით და სწორედ ეს არის ხოლმე ძირითადად ვადაგადაცილების წყარო. შემდგომ მოდის ბიზნესს სესხები და ყველაზე ბოლოს არის რა თქმა უნდა იპოთეკური სესხები, რომელიც ყველაზე ნაკლები რისკიანობით ხასიათდება.
სამომხმარებლო სესხებში დაახლოებით 1 300 ლარამდე იყო გასული წლის განმავლობაში გაცემული სესხების მედიანური ოდენობა.“- განაცხადა ბაღათურიამ.
კრედიტინფო საქართველოს“ ინფორმაციით, თითო ფიზიკურ პირს საშუალოდ ორი სესხი აქვს. რაც შეეხება საბანკო მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას, ორგანიზაციის შეფასებით ბაზარი უკვე გაჯერებულია, შესაბამისად წლიდან წლამდე ზრდა მცირეა.



























