სალომბარდო პროდუქტებზე მიმართვიანობა გაიზრდება - ასე აფასებს „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ლაშა ბაღათურია ეროვნული ბანკის მიერ სესხის გაცემაზე დაწესებულ ახალ რეგულაციას.
„საქმიან დილაში“ სტუმრობისას მან აღნიშნა, რომ რეგულაციის შედეგად, მსესხებელთა ნაწილი დროებით ვერ შეძლებს საცალო საბანკო პროდუქტებით სარგებლობას, რაც ალტერნატიულ ფინანსურ რესურსებზე მოთხოვნას წაახალისებს.
"როგორც აღინიშნა ეროვნული ბანკის მხრიდან ის მსესხებლები, რომელთა შემოსავალი 1 500-დან 2 500 ლარამდეა და ყოველთვიური შენატანი 25%-იან ლიმიტს აღემატება, დაახლოებით 70 000 პირს შეადგენენ. უახლოეს პერიოდში ეს პირები სამომხმარებლო სესხებითა და საცალო პროდუქტებით სარგებლობას ვეღარ შეძლებენ, ვინაიდან ვადიანობა უკვე 4 წლით არის შეზღუდული და მისი გახანგრძლივება აღარ მოხდება. შესაძლოა, ეს ვადა ოდესღაც გადაიხედოს და კიდევ უფრო შემცირდეს. შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სანამ მათი საგადახდო ტვირთი 25%-იან ნიშნულს არ ჩამოსცდება, ისინი ახალ სესხებს ვერ აიღებენ. როგორც განმარტა, 70 000 არ არის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობა. როდესაც მსგავსი ცვლილება რამდენიმე წლის წინაც განხორციელდა და შედეგად სალომბარდო პროდუქტებზე მიმართვიანობა გაიზარდა. სავარაუდოდ, თავდაპირველად ახლაც ასეთი ტენდენცია იქნება მიმართვიანობა იმატებს, თუმცა მოგვიანებით სიტუაცია ისევ დასტაბილურდება", - განაცხადა "კრედიტინფო საქართველოს" ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა.
ეროვნული ბანკი 2027 წლიდან ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობებს ამკაცრებს. ცვლილება შეეხება სესხის მომსახურების კოეფიციენტს, ანუ PTI-ს, რომელიც განსაზღვრავს მსესხებლის ყოველთვიური შემოსავლის რა ნაწილის გამოყენება შეიძლება სესხის მომსახურებისთვის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ამჟამად მოქმედი შემოსავლის 1500-ლარიანი ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. 2027 წლის 1 თებერვლიდან 25%-იანი PTI-ის მოთხოვნა 2000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე გავრცელდება, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან ზღვარი 2500 ლარამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის განმარტებით, ცვლილების მიზანი ჭარბვალიანობის რისკების შემცირება და ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებაა.
"კრედიტინფო საქართველოს" ლაშა ბაღათურია ასევე ამბობს, რომ წელს გაცემული სამომხმარებლო სესხების რაოდენობა მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს.
"წელი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა, განსაკუთრებით სამომხმარებლო სეგმენტისთვის. სამომხმარებლო სესხების კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს. საბანკო სფეროში ამ ტიპის სესხების მოცულობა წლის განმავლობაში დაახლოებით 13%-ით არის გაზრდილი, ხოლო თუ გასულ პერიოდს მაგალითად, 2024 წელს შევადარებთ, ზრდა დაახლოებით 50%-ს შეადგენს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ვადარებთ პორტფელის წლიურ მოცულობას და არა იმას, თუ რამდენ ადამიანს აქვს სესხი. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბიუროს არსებობის ისტორიაში იმ სუბიექტების რაოდენობამ, ვისაც სესხი აქვს აღებული, პირველად გადააჭარბა 2 მილიონს. ასეთი ფაქტი არასდროს ყოფილა და ეს მაჩვენებელი უკვე ბოლო ორი თვეა 2 მილიონს აჭარბებს", - განაცხადა ბაღათურიამ.























