"საფინანსო სისტემის კონკურენტუნარიანობის ზრდის და კაპიტალის ბაზრების კიდევ უფრო განვითარებისთვის დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი", - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომისტის დღესთან და ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში მდგრადი და სტაბილური ფინანსური სისტემაა. ბერეკაშვილმა ასევე ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი გახდეს.
„მსოფლიო ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული აქცენტები ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დანერგვაზე კეთდება. ყოველივე ეს ჭარბ ენერგორესურსებს მოითხოვს. შედეგად, ქვეყნებს, რომლებსაც ენერგოდამოუკიდებლობა და „იაფი ენერგეტიკული რესურსი“ ექნებათ, მომავლის ეკონომიკაში კონკურენტული უპირატესობა მიეცემათ", - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, განათლების სისტემამაც ზუსტად უპასუხოს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების საკადრო მოთხოვნებს, იქნება ეს პროფესიული თუ სამეცნიერო-საგანმანათლებლო.
"ამიტომ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შექმნისა და განვითარებისთვის მზარდი ფინანსური რესურსის დახარჯვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს", - განაცხადა მან.
გარდა ამისა, შოთა ბერეკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად პარამეტრებზე, მდგრად და სტაბილურ ფინანსურ სისტემასა და ინოვაციური ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მსოფლიო სწრაფად იცვლება. მასთან ერთად იცვლება მსოფლიო ეკონომიკური ურთიერთობების მოდელი. ეკონომიკური სისტემა, რომელიც გლობალური კაპიტალიზმით არის ცნობილი, გარდაქმნის პროცესშია და ჩვენ მრავალპოლარული ეკონომიკური ცენტრების ფორმირების მომსწრე ვართ, როგორიც არის - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, შუა აღმოსავლეთი-გალფის ქვეყნები და ასე შემდეგ. ასეთი ცვლილებები უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნიან და რისკებს წარმოშობენ. აქედან გამომდინარე, ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათ ინტერესებზე დაფუძნებული ეროვნული მონეტარული და ეკონომიკური პოლიტიკის წარმოება. სწორედ ლარი გვაძლევს ამის საშუალებას“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას ნიშნავს როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ეკონომიკურ ცენტრებთან.
„გონივრულმა და დაბალანსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, რის შედეგადაც ეკონომიკა გაორმაგდა და ამჟამინდელი მაჩვენებლით - პირველად 100 მილიარდ ლარს გადააჭარბა. უფრო მეტიც, ჩვენი რეალისტური მოლოდინია, რომ 2025 წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ უახლოეს წლებში საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს. თუმცა, ზრდის შენარჩუნება და გაძლიერება, პირველ რიგში, გლობალური ცვლილებების შედეგად გამოწვეული შესაძლებლობების სწორ იდენტიფიცირებას მოითხოვს და მათ თანხვედრას ეროვნული ეკონომიკის შესაძლებლობებთან. ამ მიმართულებით, ცხადად იკვეთება ქვეყნისთვის სტრატეგიული ეკონომიკური სექტორები: ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტურიზმი, დეველოპმენტი და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.




























