მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფიქრალია რეფინანსირების განაკვეთი, რათა ძალიან არ დააწვეს მოსახლეობას - არჩილ გაჩეჩილაძე

6178213b8d626
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.21 21:00
917
“საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ გამოწვევად მაღალ ინფლაციას მიიჩნევს. მისი შეფასებით, გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის გათვალისწინებით, 2022 წლიდან ინფლაციის დონე, სავარაუდოდ, სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს დაუახლოვდება.

ამასთანავე, გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ დღეს არსებული რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდა, შეიძლება მსესხებლებზე ნეგატიურად აისახოს.

"დღეს ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ინფლაციის მიმართულებითაა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ გაისად ინფლაცია შემცირდება და სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს მივა, თუმცა აქ მთავარი საფიქრალი არის რეფინანსირების განაკვეთი, რადგან ეს ძალიან ზევით არ წავიდეს და ძალიან მძიმედ არ დააწვეს მოსახლეობას. ამ მიმართულებით, ალბათ ბალანსია დასაცავი. დღევანდელი რეფინანსირების განაკვეთი, ჩემი აზრით, უკვე ასახავს იმ დონეს, რაც საჭიროა იმისთვის, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს საჭირო მაჩვენებლებს.

ჯამში რომ შევხედოთ 2021 წელს, 2020 წლისგან განსხვავებით, როდესაც ჩაკეტვები იყო, 2020-ში აქტიური იყო კორპორატიული დაკრედიტება და დაწყებული პროექტების გაგრძელება იყო. მათ შორის იპოთეკური სესხების წახალისების პროგრამა მოქმედებდა.

წელს კი აქტიურია საშუალო ბიზნესი, სამომხმარებლო სესხები და მიკროსესხები. ანუ ფაქტობრივად ბიზნესის თავიდან გააქტიურება წელს ფართოდ მოხდა, რაც ეკონომიკური ჯანმრთელობის ძალიან კარგი ნიშანია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკონომიკური გააქტიურება ნამდვილადაა, თუმცა ინფლაცია არის მთავარი გამოწვევა," - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე.

არსებული მდგომარეობით, ინფლაცია ბოლო 10 წლის მაქსიმალურ ნიშნულამდე, 12.3%-მდე არის გაზრდილი. ასევე რეკორდულ დონემდე - 10%-მდე არის გაზრდილი სებ-ის რეფინანსირების განაკვეთი.

ხვალ, 27 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები