ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის, Fisker-ის აქციები უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა.
გარდა ამისა, კომპანიამ საწარმოო პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, Fisker-ს წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო ფინანსური რესურსები აღარ აქვს და კომპანია გაკოტრების პირასაა.
როგორც ირკვევა, კომპანიას ამჟამად სულ 121 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ნაღდი ფული აქვს, რაც ოპერირების გასაგრძელებლად საკმარისი არ არის. თუკი Fisker-ის ინვესტორებს კომპანიის გადარჩენა სურთ, მაშინ მათ სტარტაპში დამატებითი კაპიტალის ჩასხმა მოუწევთ.
ამჟამად Fisker-ის სამოდელო რიგი მხოლოდ ერთ ელექტრომობილის - საშუალო ზომის SUV-ს მოიცავს, რომლის ღირებულება დაახლოებით 45,000 დოლარია, ანუ ის კონკურენციაშია Tesla Model Y-თან.
მომხმარებლის მხრიდან დაბალი მოთხოვნის გარდა, Fisker-ს კიდევ ერთი პრობლემა აქვს, ეს საწარმოო ხაზის გაუმართაობაა. მაგალითად, გასულ წელს მას 10,000 ელექტრომობილზე ჰქონდა შეკვეთა მიღებული, თუმცა კომპანიამ მხოლოდ 5,000 ერთეულის წარმოება შეძლო, რის გამოც პოტენციურმა დამკვეთებმა სტარტაპთან თანამშრომლობა შეწყვიტეს.