საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პარასკევს ერთობლივ ვიდეოკონფერენციას გამართავენ. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შემუშავება იქნება. ელისეს სასახლის ცნობით, ლიდერები მრავალმხრივი და წმინდად თავდაცვითი მისიის ფორმირებაზე იმსჯელებენ. როგორც ირკვევა, ევროპელი ლიდერების ახალი ინიციატივა უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებისთანავე სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების აღდგენას დაეხმარება.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის განცხადებით, პარასკევს დაგეგმილი სამიტი ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფის საერთაშორისო პროცესს დააჩქარებს. როგორც ირკვევა, მომავალ ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობას მხოლოდ ომში არმყოფი ქვეყნები მიიღებენ. თუმცა, ჯერჯერობით არ დაზუსტებულა, კონკრეტულად რომელი სახელმწიფოები შეუერთდებიან პარიზისა და ლონდონის ინიციატივას. უცხოური მედიისთვის ასევე გაურკვეველია, თუ როგორ განმუხტავს რეგიონში არსებულ დაძაბულობას ეს შეხვედრა.
ახალ ევროპულ ძალისხმევას წინ ოფიციალურ ვაშინგტონსა და თეირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა უძღოდა. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სრუტეში გემების გადაადგილებას სრულად დაბლოკავდა. მართალია, ამგვარი ზომებით თეთრი სახლი ირანზე ზეწოლის გაძლიერებასა და მის ბირთვული პროგრამის შეზღუდვაზე დაყოლიებას ცდილობს, თუმცა, პარიზი და ლონდონი შიშობენ, რომ ეს პოლიტიკა ენერგოკრიზისს კიდევ უფრო გაამწვავებს და გრძელვადიან რისკებს შექმნის. როგორც ცნობილია, ისინი ომის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ტრამპის პოზიციას არ იზიარებენ.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში ირანზე განხორციელებულმა ამერიკულ-ისრაელურმა იერიშებმა ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტი გამოიწვია. აღნიშნულმა მოვლენებმა ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია თითქმის სრულად შეაჩერა, რამაც გლობალურ ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასები მკვეთრად გაზარდა. მოგვიანებით მხარეები ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო სამშვიდობო გარიგების დადება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.




























