მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი და ესპანეთი კერძო თვითმფრინავებისა და პრემიუმ კლასის ფრენებზე გადასახადის დაწესებას აპირებენ

ავიაცია

საფრანგეთმა და ესპანეთმა ახალი კოალიცია ჩამოაყალიბეს, რომლის მიზანიც კერძო თვითმფრინავებისა და პრემიუმ კლასის ფრენებისთვის გადასახადების შემოღებაა, რაც კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო და მდგრადი განვითარების პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.

ორ ევროპულ ქვეყანას კოალიციაში კენია, ბარბადოსი, სომალი, ბენინი, სიერა-ლიონე, ანტიგუა და ბარბუდა შეუერთდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ: "კოალიციის მიზანია, გაზარდოს იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც დააწესებენ გადასახადებს ავიაბილეთებზე, მათ შორის ფუფუნების კლასის მოგზაურობაზე, და კერძო თვითმფრინავებზე".

ინიციატივა ქვეყნებმა გასული თვის ბოლოს, გაეროს მიერ სევილეში გამართულ განვითარების სამიტზე წარადგინეს.

Global Solidarity Levies Task Force-ის ბოლო კვლევის თანახმად, საავიაციო საწვავზე გადასახადების დაწესება წლიურად €41 მილიარდ დოლარს დააგენერირებს, პირველი და ბიზნეს კლასის ბილეთებზე მოსაკრებელი კი დამატებით - €27 მილიარდს.

შესაბამისად, კოალიციის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება, კლიმატის გამძლეობისა და მდგრადი განვითარების პროექტებისთვის დამატებით €68 მილიარდი გამოიყოს. ამასთან, კვლევის თანახმად, კომერციულ ფრენებზე დამატებითი გადასახადის დაწესება ამ თანხას €187 მილიარდამდე გაზრდიდა.

ავიაცია სათბურის აირების ემისიათა 2.5%-ზეა პასუხისმგებელი, თუმცა ამ კუთხით ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. განსაკუთრებით მაღალია კერძო თვითმფრინავების წილი. მაგალითად, 2023 წელს კერძო თვითმფრინავებზე 19.5 მილიონი ტონა ემისია მოდიოდა, რაც იმაზე მეტია, ვიდრე ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან იმავე წელს შესრულებული ფრენების სრული რაოდენობა. მგზავრობის ეს პრემიუმ გამოცდილება განსაკუთრებით პოპულარული კოვიდპანდემიის შემდეგ გახდა და 2019-2023 წლებში კერძო ავიაციის ემისიები 46%-ით გაიზარდა.

საქმე ისაა, რომ პრემიუმ კაბინებს, მათ შორის პირველ და ბიზნეს კლასებს, მგზავრის მოსათავსებლად უფრო დიდი ადგილი აქვთ გამოყოფილი და უფრო ნაკლებ ადამიანს იტევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრენის შესრულების დროს, ერთი მგზავრის ნახშირბადის ნაკვალევი უფრო მაღალია. შესაბამისად, მაღალი კლასის მგზავრები 3-4-ჯერ მეტ ემისიაზე არიან პასუხისმგებლები, ვიდრე ეკონომ კლასის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები