მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საფრანგეთი და იტალია ირანთან ჰორმუზის სრუტეზე მოლაპარაკებებს იწყებენ

ჰორმუზის სრუტე

საფრანგეთმა და იტალიამ ირანთან წინასწარი კონსულტაციები წამოიწყეს, რათა ჰორმუზის სრუტეში ევროპული გემების უსაფრთხო ნაოსნობა უზრუნველყონ. Financial Times-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი მიზანი სპარსეთის ყურიდან ენერგორესურსების მიწოდების აღდგენაა.

მსოფლიო ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის დაახლოებით მეხუთედი სწორედ ამ ვიწრო გასასვლელზე მოდის, თუმცა ირანის ახალი უზენაესი ლიდერის გადაწყვეტილებით, სრუტე ამჟამად ფაქტობრივად ბლოკირებულია, რაც ნავთობის ფასის მუდმივ ზრდასა და არასტაბილურობას იწვევს. შეგახსენებთ, ომის დაწყებიდან 20 დღის თავზე ბარელის ფასი კვლავ 100 დოლარს აჭარბებს.

როგორც FT-ი წერს, ევროპული დედაქალაქები ენერგეტიკული კრიზისის მოგვარების გზების პოვნას ცდილობენ, რათა ეკონომიკაზე წნეხი შეამცირონ. ანალიტიკოსები ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად თავად ევროპელების მიერ სრუტეში გემების ესკორტირებას ასახელებენ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ იტალიას, საფრანგეთსა და საბერძნეთს წითელ ზღვაში ევროკავშირის მისიის ფარგლებში სამხედრო ხომალდები ჰყავთ განთავსებული, არცერთი მათგანი სამოქალაქო გემების გაცილებისა და დაცვისთვის გამოყენებას არ გეგმავს. როგორც ირკვევა, ამის მთავარი მიზეზი პირდაპირი თავდასხმის რისკი და ომის შემდგომი ესკალაციის შიშია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Financial Times-ის მიერ ამ ინფორმაციის გავრცელებას საფონდო ბირჟების მყისიერი რეაქცია მოჰყვა - S&P 500-ის ფიუჩერსები მცირედით გაიზარდა, ხოლო ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. და მაინც, დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პროცესი საწყის ეტაპზეა და არ არსებობს გარანტია, რომ თეირანი რეალურ დათმობებზე წავა.

შეგახსენებთ, ევროპული მთავრობებისთვის მთავარ გამოწვევად ბიზნესისა და შინამეურნეობებისთვის გაზრდილი ენერგოდანახარჯები რჩება, რადგან წლის დასაწყისიდან ბუნებრივი აირის ფასი 75%-ით არის მომატებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები