მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საფრანგეთი სკოლების, ბაგა-ბაღებისა და საბავშვო ცენტრების გასაგრილებლად €80 მილიონს გამოყოფს

fr

საფრანგეთის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Électricité de France სკოლების, ბაგა-ბაღებისა და საბავშვო ცენტრების გაგრილების სისტემებით აღჭურვისთვის 80 მილიონ ევროს დააბანდებს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა სულ უფრო მკაცრ სიცხის ტალღებს აწყდება.

გაგრილების სხვადასხვა საშუალების, მათ შორის ვენტილატორების, წყლის მფრქვეველი სისტემების, პორტატული და ფიქსირებული კონდიციონერების შეძენას, ასევე გრძელვადიან სტრუქტურულ მოდერნიზაციას გულისხმობს, სიცხის მომავალი ტალღებთან გასამკლავებლად.

"ვინაიდან სიცხის ტალღები გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყანაზე, გვსურდა გადაგვედგა კონკრეტული ნაბიჯები - დავხმარებოდით სკოლებს, ბაგა-ბაღებსა და დასასვენებელ ცენტრებს, რათა მათ როგორც სწრაფი გაგრილების საშუალებები, ისე მდგრადი ინფრასტრუქტურა ჰქონოდათ", - განაცხადა EDF-ის ხელმძღვანელმა ბერნარ ფონტანამ.

ფინანსების ნახევარი, 40 მილიონი ევრო მიმართული სწრაფი გამოყენების აღჭურვილობისკენ იქნება, როგორებიცაა ვენტილატორები, წყლის მფრქვეველი სისტემები და პორტატული კონდიციონერები (არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულ დაწესებულებაზე). დარჩენილი 40 მილიონი ევრო კი სტრუქტურულ გაუმჯობესებას, მათ შორის ორმხრივი მოქმედების თბურ ტუმბოებს მოხმარდება.

საფრანგეთი ექსტრემალურ სიცხეს ებრძვის, რომელიც სულ უფრო მეტად აფერხებს საზოგადოებრივი სექტორის მუშაობას, განსაკუთრებით განათლების სისტემაში, სადაც სკოლის საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის შენარჩუნება პრობლემატური ხდება.

განათლების სფეროს პროფკავშირებმა გასულ კვირას პერსონალს მოუწოდეს, "საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ გაფიცვის უფლება, რათა გააპროტესტონ სამუშაო პირობები და მათი გაუმჯობესება მოითხოვონ", იმ ფონზე, როდესაც ტემპერატურამ 30 გრადუსს გადააჭარბა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში 40 გრადუსსაც გასცდა.

"პერსონალი, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ოფლს ღვრის საჯარო განათლების პროცესის შესანარჩუნებლად - მარტო და რთულ პირობებში", - ნათქვამია განათლების პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათ დასძინეს, რომ ეროვნული განათლების სისტემა კვლავ "აშკარად მოუმზადებელია" სიცხის ტალღებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილების გამო სულ უფრო ხშირი და ინტენსიური ხდება.

საფრანგეთში საჯარო სკოლებში 2025-2026 სასწავლო წელს საზაფხულო არდადეგები 4 ივლისიდან წყება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო სკოლები კი ივნისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე ფუნქციონირებენ.

მეცნიერთა ჯგუფმა "World Weather Attribution" განაცხადა, რომ ზაფხულის ასეთ ადრეულ ეტაპზე მსგავსი სიცხის ტალღა "ფაქტობრივად შეუძლებელი" იქნებოდა კლიმატის ცვლილების გარეშე. ჯანმოს ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა კი გააფრთხილა საზოგადოება, რომ ევროპა დედამიწაზე ყველაზე სწრაფად დათბობადი კონტინენტია და მისი ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად იზრდება.

ჯანმოს ინფორმაციით, 21 ივნისის შემდეგ ევროპაში 1 300-ზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის იყვნენ ბავშვები, რომლებიც ჩაკეტილ მანქანებში დაიღუპნენ და ახალგაზრდები, რომლებიც გაგრილების მიზნით არაკონტროლირებად ადგილებში ბანაობისას დაიხრჩვნენ.

საფრანგეთი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა. ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულმა სააგენტომ მხოლოდ 24 ივნისის შემდეგ დაახლოებით 1 000-ით მეტი გარდაცვალება დააფიქსირა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, საიდანაც უმრავლესობას 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები წარმოადგენდნენ.

პარიზში, საგანგებო სამსახურებზე დატვირთვის შესამცირებლად, ხელისუფლებამ შაბათ-კვირას საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღება აკრძალა, ხოლო ქალაქის პრაიდ-მარში გადაიდო. სიცხის გამო ეიფელის კოშკმა და ლუვრის მუზეუმმაც ჩვეულებრივზე ადრე დაიწყეს დაკეტვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები