საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი მწვავდება, რადგან მთავრობამ საპენსიო რეფორმა პარლამენტში კენჭისყრის გარეშე გაიტანა.
იმისთვის, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობამ საპენსიო რეფორმა განახორციელოს, პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო. წინააღმდეგობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრს შეუძლია კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და კანონი თავად აამოქმედოს. თავის მხრივ ქვეყნის პარლამენტს უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობა აქვს.
სწორედ ამ უფლებას გამოიყენებს საკანონმდებლო ორგანო და ორშაბათს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრის კენჭს. თუ მთავრობას ეროვნული ასამბლეა უნდობლობას გამოუცხადებს, მაშინ მაკრონს უფლება აქვს ან ახალი მთავრობა დაასახელოს ან ეროვნული ასამბლეა დაითხოვოს და არჩევნები დანიშნოს.
როგორც DW წერს, პარლამენტის გვერდის ავლით საპენსიო ასაკის ზრდა, ქვეყანაში კრიზისს აღრმავებს, ამან თავის მხრივ შესაძლოა ულტრამემარჯვენე ძალების წახალისება გამოიწვიოს. გასულ კვირას ეროვნულ ასამბლეაში მისულ პრემიერ-მინისტრს ელისაბეტ ბორნს დეპუტატები ბანერებით წარწერით “არა 64 წელს” და მერსელიოზას სიმღერით დახვდნენ.
რეფორმით საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე, ხოლო საპენსიო ფონდში შენატანების მინიმალური ვადა - 43 წლამდე იზრდება. მთავრობა რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს საპენსიო ფონდში დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. არსებული პროგნოზით, 2030 წლისთვის დეფიციტმა შესაძლოა, 20 მილიარდ ევროს მიაღწიოს.