პარიზის პროკურატურის განცხადებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო სასახლის მთავარი ხაზინადარი და ორი მამაკაცი სასახლეში ოფიციალური შეხვედრებისთვის განკუთვნილი ფაიფურის ჭურჭლის და სხვა ძვირფასი ინვენტარის ქურდობის გამო სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

ელისეის სასახლიდან მოპარული 100-ზე მეტი ნივთის ჯამური ღირებულება 15,000-დან 40,000 ევრომდეა ($17,500-დან $46,800-მდე), თუმცა გამომცემლობა Le Canard enchaîné-ს თანახმად სასახლის ინვენტარის რეალური ღირებულება ნახევარ მილიონ ევროს ცდება.
პარიზის პროკურატურა განმარტავს, რომ სასახლის ხაზინადარი თომას მ. და მისი პარტნიორი, დემიენ გ., გასულ კვირას ქურდობის ეჭვით დააკავეს. მათივე თქმით, კიდევ ერთი მამაკაცი, ჟისლენ მ., დაკავებულია ქურდულ სქემაში მონაწილეობის ეჭვით, კერძოდ ნაქურდალის გაყიდვის გამო. მათი სრული სახელები საფრანგეთში პერსონალური მონაცემების დაცვის წესების გათვალისწინებით არ გასაჯაროებულა.

თომას მ. და მისი პარტნიორი დემიენ გ. ორი წლის განმავლობაში პერიოდულად იპარავდნენ სასახლიდან ჭურჭელს, რომ ეჭვი არ გაჩენილიყო მათი საქმიანობის შესახებ. შემდეგ კი ნივთებს ჟისლენ მ.-ს აძლევდნენ გასაყიდად. ჟისლენ მ. ლუვრის მუზეუმში დაცვის თანამშრომლად მუშაობდა. მისი ადვოკატის თქმით დანაშაულის სავარაუდო მოტივი იშვიათი ანტიკვარული ნივთებისადმი "ლტოლვა" იყო.

პროკურატურის განცხადებით ჩხრეკისას სამი დაკავებული პირის მფლობელობაში აღმოჩენილი იქნა მოპარული ნივთების უმრავლესობა, მათი ამოცნობა მწარმოებელი კომპანიის Manufacture nationale de Sèvres წარმომადგენელმა მოახდინა. ეჭვმიტანილებიდან ერთ-ერთის, ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Vinted-ის, გვერდზე გასაყიდად დადებული რამდენიმე ნივთი იქნა ნაპოვნი, რომლებზეც საფრანგეთის საჰაერო ძალების ემბლემა იყო დატანილი.
ეჭვმიტანილები სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან, რომელიც მომდევნო წლის თებერვალშია ჩანიშნული.




























