ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საფრანგეთმა 102 მილიონი ვიზიტორი მიიღო, რითაც ტურისტების რაოდენობის ეროვნული რეკორდი გააუმჯობესა და მსოფლიოში ყველაზე მონახულებად ქვეყნად დარჩა - ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს, პარიზის ოლიმპიური თამაშების ფონზე, ქვეყანამ 100 მილიონიანი ნიშნული გადალახა.
საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს მიერ ხუთშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, გასულ წელს 102 მილიონმა საერთაშორისო ტურისტმა ქვეყანაში ჯამურად 743 მილიონი ღამე გაათია. უცხოელი დამსვენებლების უმრავლესობა (76%) ევროპიდან იყო.
სასტუმროებსა და სხვა კომერციულ საცხოვრებლებში ღამისთევების რაოდენობა, 2024 წელთან შედარებით, 7.5%-ით გაიზარდა.
ვიზიტორთა ნაკადის მატებამ რეკორდული შემოსავალი - 77.5 მილიარდი ევრო მოიტანა, რაც 2024 წელთან შედარებით 9%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით 37%-ით მეტია.
ოფიციალურმა პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საფრანგეთის მიზანი 2030 წლისთვის: მიაღწიონ წლიურ 100 მილიარდ ევროს ტურისტულ შემოსავლებში და გახდნენ მდგრადი ტურიზმის წამყვანი მიმართულება.
მართალია, საფრანგეთი მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი ქვეყნის ტიტულს ინარჩუნებს, თუმცა მას კვალში უდგას ესპანეთი 96.8 მილიონი უცხოელი ტურისტით. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების კუთხით ესპანეთმა საფრანგეთს გაუსწრო და 2025 წელს 105 მილიარდი ევრო დააგენერირა.




























