"კორონავირუსის გამო, საფრანგეთის ეკონომიკა წელს, სავარაუდოდ, 11%-ით შემცირდება და წინ კიდევ უფრო მძიმე დღეები გველის", - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერიმ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი ვარაუდობს, რომ ქვეყანა ჩვეულ რიტმს მომავალი წლიდან დაუბრუნდება.
„ჩვენს ეკონომიკას ვირუსმა მძიმედ დაარტყა. იძულებულები ვიყავით მიგვეღო ეფექტური ზომები ჩვენი მოქალაქეების დასაცავად. შედეგად, საფრანგეთის ეკონომიკა თითქმის სამი თვეა სრულად გაჩერდა“, - აღნიშნა ბრუნო ლე მერიმ.
საფრანგეთის მთავრობამ, ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მარტის შუა რიცხვებიდან და შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 11 მაისიდან დაიწყო. დღეიდან საფრანგეთში იხსნება კაფე-ბარები და რესტორნები.
ბრუნო ლემერის განცხადებით, დღეიდან ოპერირებას განაახლებს 300,000-მდე კაფე-ბარი და რესტორანი, რომელიც მთავრობის სოლიდარობის ფონდისთვის წლის ბოლომდე გარკვეულ თანხებს გაიღებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან კაფე-ბარები იხსნება, ყველაზე მძიმე პერიოდი ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ისევ წინ გვაქვს“, - განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა.
ბრუნო ლე მერიმ თავის მხრივ სექტორულ დახმარებაზეც ისაუბრა, რომელიც ტურიზმისთვის და მანქანების მწარმოებელი ინდუსტრიებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. მისი განცხადებით, აღნიშნული სექტორების შემდეგ საფრანგეთის მთავრობა დახმარებას სტარტაპებს და სამშენებლო სექტორს გაუწევს.