ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსი საქართველოზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტონ აქტივისტების მიმართ ძალადობა, გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები და უარი თქვან რეპრესიულ კანონმდებლობაზე.
ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი კანონები მათ შორის, უცხოეთის აგენტების რეგისტრირების აქტი (FARA) და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები ხელისუფლების ხელში დამატებითი ბერკეტია განსხვავებული აზრის ჩახშობისა და რეპრესიული პოლიტიკის გატარების მიმართულებით.
„ეს კანონები სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას სტიგმატიზების რისკის ქვეშ აყენებს, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობის გაგრძელებას, უკან ხევს ადამიანის უფლებების დაცვას, არასათანადოდ ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას.
ეს ნაბიჯები დამატებით უთხრის ძირს საქართველოში დემოკრატიას. მსგავსი ქმედებები ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედია პლურალიზმის კუთხით. და ასევე იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით. მათ უარყოფითი გავლენა ექნებათ საქართველოს ევროკავშირის გზაზე.
ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების მკაფიო და შეუქცევადი ერთგულება. ამისთვის საჭიროა ძალადობის შეწყვეტა მოქალაქეების წინააღმდეგ, ყველა უსამართლოდ დაკავებული პირის გათავისუფლება, რეპრესიული კანონების შეჩერება, ვენეციის კომისიასთან კონსულტაციის გამართვა და სამოქალაქო საზოგადოებასა და ყველა პოლიტიკურ აქტორთან დიალოგში მონაწილეობა, რათა ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს. საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე დაბრუნება სრულად ქვეყნის ხელისუფლების ხელშია”, - წერია ერთობლივ განცხადებაში.




























