მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოს შესახებ სიღრმისეული დისკუსია გვექნება - კალასი

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს საკითხს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იანვარში განიხილავენ.

ასე უპასუხა კალასმა DW-ის კითხვას მიიჩნევს თუ არა კომისია საქართველოს კვლავ მოქმედ დემოკრატიად, რომელიც ევროპული სტანდარტებისკენ მიიწევს და რა გავლენა აქვს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესს ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

"საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, როგორც ეს აღვნიშნეთ შესავალ სიტყვაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან გვექნება უფრო სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით იმის თაობაზე, თუ როგორ დავუჭიროთ საუკეთესოდ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ", - განაცხადა კალასმა.

საქართველოზე კომენტარი ასევე გააკეთა გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმაც.

"ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს კურსის შეცვლა და დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ძირითადი უფლებების პატივისცემასთან დაბრუნება, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება გაწევრიანების პროცესის განახლება. ჩვენთვის ცნობილია და ეს გვაძლევს იმედს, რომ ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ევროპული მომავალი და ჩვენ გვინდა, რომ საქართველო ამ გზაზე დაბრუნებული ვიხილოთ", - განაცხადა კოსმა.

დღეს, 4 ნოემბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია და გაგრძელდება თუ ხელისუფლება კურსს შეიცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები