"არ ვიყავით ინფორმირებული საფრთხის შესახებ", - ამის შესახებ bm.ge-ის „თბილისი ენერჯის” სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ დღეს, ლოტკინზე მომხდარ აფეთქებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრში შეტყობინება გაზის სუნთან დაკავშირებით არ შესულა.
„ჩვენთან შემოვიდა მხოლოდ ინციდენტთან დაკავშირებით შეტყობინება. აბონენტებისგან ვითხოვთ, რომ გაზის სუნის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოგვმართონ, რათა შევძლოთ დახმარება“, - განმარტა ირაკლი დეკანოიძემ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები. რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, როგორც ირაკლი დეკანოიძე ამბობს, ვიზუალური დათვალიერების შედეგად დარღვეულია ტექნიკური ნორმები, თუმცა, აფეთქების ზუსტი მიზეზები ჯერ უცნობია.
„პირველ შემთხვევაში ვიზუალური დათვალიერების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დარღვეულია ტექნიკური ნორმები, სავარაუდოდ თვითნებური მონტაჟია, რაც არ არის დაშვებული და არის საშიში. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, გარედან ჩანს, რომ თვითნებურ მონტაჟთან უნდა გვქონდეს საქმე. თუმცა, დადასტურებულად ჯერ არ შეგვიძლია ვთქვათ, ვინაიდან ფართი სრულად დანგრეულია და ჩვენი წარმომადგენლები ვერ შევიდნენ და ვერ დაათვალიერეს“, - განაცხადა სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსმა.
შეგახსენებთ, ლოტკინის დასახლებაში ორი აფეთქება მოხდა. როგორც bm.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის შედეგად ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.




























