"საგადახდო სისტემების პროვაიდერებს ანუ იმ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა საგადახდო სერვისებს სთავაზობენ ეროვნული ბანკი ახალ RTGS სისტემაში ანგარიშებს გაუხსნის", - ამის შესახებ სებ-ის საბჭოს წევრმა ეკატერინე გალდავამ დღეს საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა. აღნიშნულის შესახებ მას კითხვა ოცნების დეპუტატმა ვახტანგ თურნავამ დაუსვა.
საკითხი უკავშირდება საგადახდო სისტემების პროვაიდერებისთვის ოპერირების გამარტივებას. დღეს ბაზარზე არსებული ძირითადი საგადახდო სისტემის პროვაიდერები კომერციული ბანკების შვილობილი კომპანიები არიან, მათთან ერთად ბაზარზე ასევე ოპერირებენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებული საგადახდო სისტემების პროვაიდერები, ასევე აზარტული თამაშების კომპანიებთან დაკავშირებული საგადახდო სისტემების პროვაიდერები და სხვა პროვაიდერები.
როგორც ვახტანგ თურნავას კითხვიდან ირკვევა, ამ სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის პრობლემას წარმოადგენს ის რომ ისინი არ არიან სებ-ის RTGS ანუ რეალურ დროში გადარიცხვების სისტემის მონაწილეები. როგორც ეკატერინე გალდავას პასუხიდან ირკვევა სებ-ი მუშაობს ახალი სისტემის დანერგვაზე, რომელშიც აღნიშნული ოპერატორებიც ჩაერთვებიან.
"გეთანხმებით დღეს მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვთ საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნის უფლება RTGS სისტემაში. გადახდის პროვაიდერების პრობლემა მეტწილად დაკავშირებულია იმასთან, რომ მათ ეროვნულ ბანკში არ აქვთ საკორესპონდენტო ანგარიშები. გვქონდა შეხვედრები საკმაოდ ტექნიკური განხილვები იყო ეს დაერთება მოითხოვს ხარჯს და ეს აუცილებლად უნდა გასწიოს პროვაიდერმა რათა დაუერთდეს ჩვენს სისტემას. ამიტომ ვიფიქრეთ რომ როდესაც ახალი RTGS სისტემა დაინერგება და ეს საკმაოდ კარგად და წარმატებულად მიმდინარეობს ამ პროექტის დანერგვა, ჩვენ ვზრუნავთ რომ საგადახდო სისტემის პროვაიდერებს ექნებათ თავიანთი ანგარიში არამხოლოდ ლარში, იმასაც გეტყვით რომ მათთვის სავალუტო მოდულსაც ვითვალისწინებთ და ეს ნაწილიც იქნება გათვალისწინებული და საგახდო სისტემის ოპერატორებისთვის ვიცით რომ მათთვის პრობლემურია კომერციულ ბანკებში ანგარიშის გახსნა, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩათვალეთ რომ თვითონ ეროვნული ბანკი გაუხსნის მათ ანგარიშებს თავისთან RTGS სისტემა,"- განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
არსებული მდგომარეობით საქართველოში სულ 35 საგადახდო სისტემის პროვაიდერია.