მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით ერთჯერადი ამნისტიის გამოცემა იგეგმება

ამნისტია
27.11.23 17:33
917

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით ერთჯერადი ამნისტიის გამოცემა იგეგმება. „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების: ლევან მგალობლიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის, ანზორ ბოლქვაძის და გიორგი ჩაკვეტაძის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.

ცვლილებების პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააცნო.

მისი განცხადებით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების მოპოვებასთან დაკავშირებით ის ფიზიკური პირები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას ფლობდნენ და რომლებმაც ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე წყლის მოპოვების პროცესის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ვერ შეძლეს (ამასთანავე, ბიზნეს საქმიანობის წარმოება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო შეფერხდა), ერთჯერადი ამნისტიის ფარგლებში დარიცხული სანქციებისგან - ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან.

მომხსენებლის ინფორმაციით, ერთჯერადი ამნისტია 2018 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 ივნისამდე გადაუხდელ ჯარიმების და საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს და იგი დაახლოებით 200-მდე ფიზიკურ პირზე გავრცელდება.

კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა საკითხის სიღრმისეული განხილვა მოითხოვა. მისი თქმით, პანდემიის დროს არაერთი ბიზნესსაქმიანობა შეიზღუდა და მიზანშეწონილი იქნებოდა მსჯელობა თუ რა დახმარება შეიძლება გაეწიოთ მათ სახელმწიფოს მხრიდან.

კომიტეტმა პრინციპების დონეზე, გარკვეული დათქმებით, კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა სარატიფიკაციო დოკუმენტი - „2017 წლის 12 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი)“ N4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, წერილ-შეთანხმების თანახმად, სესხის პირობები არ იცვლება და წარმოდგენილი ცვლილებით, სასესხო შეთანხმებიდან ამოდის თიანეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდება. დანარჩენ საგზაო მონაკვეთებზე კი სამუშაოები კვლავაც გრძელდება.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები