მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო შეღავათები, პირდაპირი სუბსიდირება... - როგორ ებრძვიან ქვეყნები საწვავის რეკორდულ ფასებს?

საწვავი

მიმდინარე წელს ნავთობის 70%-ით გაძვირებამ და მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვამ მსოფლიოს მასშტაბით ენერგეტიკული კრიზისი წარმოქმნა, რომელმაც როგორც რიგით მომხმარებლებს, ისე გლობალურ ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. მზარდი ინფლაციისა და სოციალური უკმაყოფილების ფონზე, მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა კრიზისის შესამსუბუქებლად და საწვავის ფასებთან გასამკლავებლად განსხვავებულ სტრატეგიებს მიმართეს.

ყველაზე გავრცელებული და სწრაფი ეფექტის მქონე მექანიზმი, რომელსაც ბევრმა ქვეყანამ მიმართა, საწვავზე დაწესებული გადასახადების შემცირებაა. ევროპაში ამის ნათელი მაგალითებია დიდი ბრიტანეთი, რომელმაც საწვავის გადასახადი ლიტრზე 5 პენსით შეამცირა და გერმანია, სადაც გადასახადის დროებითმა კლებამ ბენზინის ფასი 30, ხოლო დიზელის ღირებულება 14 ცენტით გააიაფა.

მსგავსი გზა აირჩია იტალიამაც, რომელმაც აქციზის დაწევით ფასები საშუალოდ 25-30 ცენტით დაასტაბილურა. გადასახადების კლების ტენდენცია ევროპის ფარგლებსაც გასცდა. მაგალითად, ინდოეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ფედერალური გადასახადი და აამოქმედა ლოგისტიკური ხარჯების სუბსიდირების პროგრამა; ხოლო ბრაზილიამ საკანონმდებლო დონეზე შეზღუდა გადასახადები საწვავსა და ენერგორესურსებზე.

გადასახადების შემცირების ნაცვლად, ზოგიერთმა სახელმწიფომ პირდაპირი სუბსიდირების გზა აირჩია. საფრანგეთში მთავრობამ დააწესა ფასდაკლება, რომელიც უშუალოდ ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს და დაახლოებით 30 ცენტს აღწევს.

იაპონიამ პრობლემის გადაჭრა მიწოდების საწყის ეტაპზე სცადა და ნავთობგადასამუშავებელი ქარხნებისა და იმპორტიორების პირდაპირი სუბსიდირება დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით უფრო რადიკალური მიდგომებიც აირჩიეს. მაგალითად, უნგრეთმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის საწვავზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. მიუხედავად იმისა, რომ ამან მომხმარებლებს მყისიერი შვება მისცა, საბაზრო ფასზე დაბალმა ლეგალურმა ნიშნულმა ქვეყანაში საწვავის მწვავე დეფიციტი წარმოქმნა, რის გამოც მთავრობა იძულებული გახდა, მოგვიანებით ეს რეგულაცია გაეუქმებინა. ზოგადად, საბაზრო ეკონომიკაში ლიმიტები არ მუშაობს და ეს გაკვეთილი უკვე უნგრეთშიც ისწავლეს.

განსხვავებული და გლობალური მასშტაბის მქონე იყო ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგია. შიდა ბაზარზე ფასების დასტაბილურებისა და გლობალური დეფიციტის შესავსებად, აშშ-ის მთავრობამ უპრეცედენტო მოცულობის ნავთობი გამოიტანა ბაზარზე გასაყიდად თავისი სტრატეგიული რეზერვიდან. მიწოდების ხელოვნურმა გაზრდამ საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შეანელა, თუმცა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ამერიკის გარდა სხვა ქვეყანას არც შეუძლია, რადგან ამ მოცულობის სტრატეგიული რეზერვი სხვას უბრალოდ არავის აქვს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ტრამპმა წლის ბოლომდე გადაავადა გადასახადი დიზელზე, რომელმაც საწვავის თითქმის 30-ცენტიანი გაიაფება გამოიწვია.

სანამ ქვეყნების ნაწილი უშუალოდ საწვავის გაიაფებაზე ზრუნავდა, ზოგიერთმა სახელმწიფომ სტრატეგიული აქცენტი საწვავზე მოთხოვნის შემცირებაზე გააკეთა. გერმანიამ შემოიღო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომი ყოველთვიური აბონემენტი, რომლის გამოც მილიონობით მოქალაქე კერძო ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაერთო.

მსგავსი, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური სოციალური პაკეტი შესთავაზა მოქალაქეებს ესპანეთმა, როდესაც სახელმწიფო სარკინიგზო ქსელების კონკრეტულ მიმართულებებზე მგზავრობა სრულიად უფასო გახადა.

საერთო ჯამში, განხორციელებულმა ცვლილებებმა აჩვენა, რომ საგადასახადო შეღავათები და რეზერვების გამოყენება მოკლევადიანი კრიზისის შესამსუბუქებლად ეფექტიანია და საფასო ლიმიტების დაწესებას აზრი უბრალოდ არ აქვს. ასევე, ევროპული გამოცდილება ადასტურებს, რომ კომფორტული, პუნქტუალური და გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ენერგეტიკული კრიზისისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

ცხადია, საწვავის გაიაფების სურვილი მხოლოდ პოლიტიკური პოპულიზმიდან არ მომდინარეობს. ძვირი საწვავი ნიშნავს დაჩქარებულ ინფლაციას, გაძვირებულ ცხოვრებას და საბოლოო ჯამში, ამ ინფლაციის საპასუხოდ, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. ეს ყველაფერი ერთად კი აფერხებს ეკონომიკურ ზრდას და აუარესებს ცხოვრების დონეს. სწორედ ამიტომ, დღეს თითქმის ყველა ქვეყნის მთავრობა საწვავის გაიაფებასა და ამ ენერგეტიკული კრიზისის გადასალახად დროებით შეღავათების ამოქმედებაზე ფიქრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები