აუდიტორული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში დღგ-ს ნულოვანი დაბეგვრის წესში ცვლილებები უნდა შევიდეს.
როგორც ძნელაშვილმა BMG-ის განუცხადა, საგადასახადო შეღავათს, რომელსაც ადგილობრივი წარმოება უნდა წაეხალისებინა, უკუეფექტი ჰქონდა და პირიქით, იმპორტი წაახალისა.
მისი თქმით, დღეს ფერმერებს რესტორნებთან და სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობა უჭირთ, შესაბამისად, ცდილობენ, პროდუქცია მაინც დაბეგრონ და შემსყიდველებს დღგ-ს ჩათვლის საშუალება მისცენ. შემოსავლების სამსახური კი ჩათვლას არ აღიარებს და შემსყიდველებს პრობლემები ექმნებათ.
“თავის დროზე, როდესაც ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტები დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გაათავისუფლეს, მაშინ მიზანი იყო ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარება და ფერმერების ხელშეწყობა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს თავის დროზე არ მოხდა იმის გააზრება და გათვალისწინება, რომ ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტები შეიძლება პირდაპირ უცვლელი ფორმით მივიდეს მომხმარებელთან. არის შემთხვევები, როდესაც ხდება ამ პროდუქტების გადამუშავება და გადამუშავებული ფორმით მიდის მომხმარებლამდე. მაგალითად, სარესტორნო, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რესტორნებში, როდესაც ადგილობრივ პროდუქციას შეიძენენ, მაგალითად, ხორცს, გადაამუშავებენ, მწვადს, ქაბაბს აკეთებენ, როდესაც ხდება მათი რეალიზაცია, ის იბეგრება ჩვეულებრივად, ეს მზა პროდუქცია უკვე გადამუშავებული ფორმით იბეგრება დღგ-თი.
ასეთ დროს, როგორც წესი, მეწარმისთვის, დღგ-ს გადამხდელისთვის ყველაზე დიდი შეღავათი არის ჩათვლის მიღება. ანუ ბრუნვიდან ითვლი 18%-ს და შემდეგ უკვე გაწეულ ხარჯებზე რაც გაქვს 18% გადახდილი, იმას ითვლი და სხვაობა გრჩება გადასახდელი დღგ. ვინაიდან მათ ადგილობრივი მწარმოებლებისგან აქვთ შეძენილი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ჩათვლას ვერ იღებენ და გამოდის, რომ მთელი ბრუნვა ებეგრებათ დღგ-თი ჩათვლის მიღების გარეშე. სწორედ აქ აწვებათ მათ ეს ყველაზე მძიმე ტვირთად.
ამ არსებულმა სიტუაციამ და მოცემულობამ გამოიწვია იმპორტის წახალისება. უკვე ყველა ამჯობინებს, რომ იყიდოს იმპორტული ხილი, ბოსტნეული თუ ხორცი. იმიტომ რომ იმპორტის დროს ისედაც იბეგრება დღგ-თი ეს პროდუქტები და შემდეგ ჩათვლას იღებენ უკვე მზა პროდუქციის რეალიზაციის ეტაპზე. ამიტომ პირველი უარყოფითი შედეგი რაც მოგვცა არის ის, რომ იმპორტი წახალისდა პრაქტიკულად, ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი წარმოება წახალისებულიყო.
და მეორე - ადგილობრივმა მეწარმეებმა ნახეს ასეთი გამოსავალი რომ უარი თქვეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე და თავიანთ პროდუქციას რეალიზაციის ეტაპზე ბეგრავენ დღგ-თი. ანუ ჩვეულებრივ ანგარიშ-ფაქტურას წერენ, ადეკლარირებენ კიდეც ამ თანხებს ბიუჯეტში. შემდეგ უკვე შემძენი, მაგალითად რესტორანი, მაღაზია უკვე ითვლის დღგ-ს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ შემოსავლების სამსახურმა, როდესაც შეამოწმა ამ ჩათვლის მიმღები პირები, ამოუგდო ჩათვლებიდან და სერიოზული სანქციები დაეკისრათ”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
ძნელაშვილი მიიჩნევს, რომ აუციელებელია შემოსავლების სამსახურმა ამ კუთხით პრაქტიკა შეცვალოს და თუ ფერმერს კონკრეტულ შემთხვევაში, შეღავათით სარგებლობა არ სურს, ეს უფლება შეუნარჩუნოს.
“ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სწორედ აქ არის გამოსავალი, შემოსავლების სამსახურმა უნდა შეცვალოს მიდგომა. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებშიც არის შესაძლებელი ეს მიდგომის შეცვლა. მაგალითად, შეიძლება საჯარო გადაწყვეტილება გამოსცეს ფინანსთა მინისტრმა და ამით დაარეგულიროს პრაქტიკის შეცვლის საკითხი. თქვან, რომ ეს უკვე ადგილობრივ მწარმოებელზე იყოს დამოკიდებული — მას თუ უნდა ისარგებლოს საგადასახადო შეღავათით და არ დაბეგროს დღგ-თი თავისი პროდუქცია, თუ ისე შეძლებს თავისი პროდუქციის გასაღებას. მაგრამ თუ ვერანაირად ვერ ყიდის, ასეთ შემთხვევაში მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ არ ისარგებლოს დღგ-ს შეღავათით, დაბეგროს თავისი პროდუქცია დღგ-თი და შესაბამისად მყიდველმაც მიიღოს დღგ-ს ჩათვლა.
უბრალოდ პრაქტიკის შეცვლაა საჭირო, იმიტომ რომ მოქმედი კანონმდებლობა არავის არ ავალდებულებს, რომ დღგ-ს შეღავათით ისარგებლოს. საგადასახადო შეღავათი არის უფლება და არა ვალდებულება. არ შეიძლება პირი აიძულო და დაავალდებულო, რომ საგადასახადო შეღავათით ისარგებლოს. მას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ არ ისარგებლოს შეღავათით, დაბეგროს თავისი პროდუქცია და შესაბამის შემთხვევაში შემძენმა ჩაითვალოს ის დღგ”, - განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დამატებული ღირებულების გადასახადის დაბეგვრის წესში ცვლილებებს სარესტორნე ბიზნესიც ითხოვს. სექტორის წარმომადგენლების ნაწილის თანახმად, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვისას კვების ობიექტები დღგ-ს ჩათვლას ვერ ახერხებენ, რადგან ეს პროდუქცია სარესტორნო ბიზნესისგან განსხვავებით, ნულოვანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობს.




























