დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, ელგუჯა გოცირიძემ, ისკო დასენმა, ირაკლი კირცხალიამ, ირმა ზავრადაშვილმა, გელა სამხარაულმა, ანტონ ობოლაშვილმა და ბეჟან წაქაძემ შეიმუშავეს და დააინფიცირეს კანონპროექტი, რომელიც აგროტურისტული და ღვინის ტურისტული საქმიანობების საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.
შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" უნდა შევიდეს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, შეღავათით მხოლოდ ის პირები ისარგებლებენ, რომელთა წლიური შემოსავალი 500 ათას ლარს არ აღემატება და ის 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
“კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობებში ჩართული პირების მიმართ”, - წერია განმარტებით ბარათში.
ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო, აგროტურიზმი გულისხმობს ფერმერულ მეურნეობაში განხორციელებული ტურისტულ საქმიანობას, რომელიც მოიცავს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ აქტივობას.
რაც შეეხება ღვინის ტურიზმს, ამ დროს მოგზაურობის ძირითად მიზანს წარმოადგენს ვენახებისა და მევენახეობის ტრადიციების, ღვინის ქარხნების, ონოთეკებისა და მარნების, ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული სხვა საშუალებებისა და ობიექტების გაცნობა, ასევე, სხვადასხვა ჯიშისაგან დამზადებული ღვინოების წარმოების ადგილზე შეძენა და მეღვინეობასთან დაკავშირებულ ტრადიციულ დღესასწაულებსა და საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.
ცვლილებები მიღების შემთხვევაში საგადასახადო შეღავათები 2025 წლის ივლისიდან ამოქმედდება. ავტორების შეფასებით, სავარაუდო წლიური ჯამური დანაზოგი, რომელსაც აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სფეროში მონაწილე ბიზნესი მიიღებს 2022 წლის მონაცემების დათვლის მიხედვით, თითქმის 312 ათას ლარს შეადგენს.
სტუმარი: დავით პაპიაშვილი - აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;