მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგადასახადო სიახლეები ტურისტულ მომსახურებაში

64328803a40dd
BM.GE
10.04.23 09:10
884
საქართველოში ტურისტული მომსახურების გამწევი პირების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების სწორად აღრიცხვა, სისტემატიზაცია და კანონის შესაბამისად საგადასახადო ორგანოში დეკლარირება. დასაბეგრი ოპერაციების არასწორად დეკლარირების გამო მცირე და საშუალო ბიზნესი განსაკუთრებით ზარალდება.

როგორც აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ში განმარტავენ, ფინანსთა სამინისტროს 2023 წლის 28 მარტის №107 საჯარო გადაწყვეტილებამ მკაფიო პოზიცია ჩამოაყალიბა რიგ შემთხვევებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, როგორ უნდა განახორციელონ კომპანიებმა დღგ-ით დასაბეგრი ან განთავისუფლებული ბრუნვების იდენტიფიცირება, Loialte-ს პარტნიორს საგადასახადო აუდიტის მიმართულებით - თეონა კუნჭულიას ვესაუბრეთ:

პირველ რიგში რა სფეროს არეგულირებს ახალი საჯარო გადაწყვეტილება?

აღნიშნული დოკუმენტი განმარტავს ტურისტის საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანისას ან ტურისტის საქართველოდან გაყვანისას, ტურისტული მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის საკითხს, ასევე, საქართველოში ტურისტის ორგანიზებულად შემოყვანის და მისთვის ტურისტული პროდუქტის მიწოდების მიზნით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლის საკითხს.

როგორ განიმარტება საგადასახადო კანონმდებლობით ტურისტული საქმიანობა და ზოგადად რა შეღავათებით სარგებლობს ეს სფერო?

ტუროპერატორის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდება, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია.

კანონმდებლობის შესაბამისად, ტუროპერატორი არის პირი, რომელიც ახორციელებს ტურისტული პროდუქტის ფორმირებას და ტურისტისთვის მიწოდებას, ამასთან, ტურისტული პროდუქტი არის ტურისტული მომსახურების სახეობათა არანაკლებ ორი კომპონენტის ერთობლიობა. მათ შორის, ტრანსპორტირება, განთავსება, კვება, გიდის მომსახურება, აგრეთვე ტურისტული მომსახურების დამხმარე მომსახურება. ამასთან, ტურისტული მომსახურების გარდა, დღგ-ის მიზნისთვის, ტურისტული პროდუქტის ნაწილად ასევე განიხილება ამ მომსახურების დამხმარე მომსახურება.

რა შემთხვევებში შეუძლია ისარგებლოს საგადასახადო შეღავათებით ტუროპერატორმა, როდესაც მის მიერ საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანილ ტურისტს უწევს მომსახურებებს?

საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, თუ ტუროპერატორი მის მიერ საქართველოში ორგანიზებულად შემოყვანილ ტურისტს, უწევს სასტუმროში განთავსების, კვების ან და საქართველოში ტრანსფერის მომსახურებას (არანაკლებ 2 კომპონენტს ერთობლივად), მიწოდება თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით, თუ აღნიშნული მომსახურებების გაწევის ადგილი ფაქტობრივად არის საქართველო.

გარდა ამისა, თუ ზემოაღნიშნული ტურისტული პროდუქტის მიწოდების ფარგლებში, გაიწევა ტურისტის სამოგზაურო დაზღვევით უზრუნველყოფის მომსახურება, აღნიშნულიც თავისუფლდება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით.

ტურისტის საქართველოდან გაყვანის მომსახურებისას, რა პრინციპით უნდა შეაფასოს ოპერაცია ტუროპერატორმა?

ტუროპერატორის მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ ტურისტის გაყვანისას, ტურისტული მომსახურების (სასტუმროში განთავსება, კვება, საქართველოში ტრანსფერი და სხვა) და მასთან დაკავშირებული დამხმარე მომსახურების (სავიზო მხარდაჭერა, სამოგზაურო დაზღვევით უზრუნველყოფა და სხვა) გაწევა, დღგ-ის მიზნისთვის განიხილება საქართველოს ფარგლებს გარეთ გაწეულ მომსახურებად და არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას საქართველოში.

საჯარო გადაწყვეტილებით რა საკითხი დაზუსტდა დღგ-ის ჩათვლის ნაწილში?

საჯარო გადაწყვეტილების შესაბამისად, ტუროპერატორი ცალსახად უფლებამოსილია მიიღოს დღგ-ის ჩათვლა, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელი ტურისტის ორგანიზებული შემოყვანისა და მისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პროდუქტის მიწოდების მიზნით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილ დღგ-ზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით.

რა ღია საკითხები დარჩა ტურისტული ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებით?

მიუხედავად იმისა, რომ ახალი საჯარო გადაწყვეტილება ნაკლებად ტოვებს დასაბეგრ ტურისტულ ოპერაციებთან მიმართებაში ბუნდოვანებას, უმჯობესია ტუროპერატორებმა ყოველი ოპერაცია შეაფასონ საჯარო გადაწყვეტილებაში არსებული მაგალითების შესაბამისად და პრობლემური ან ინდივიდუალური ოპერაციის შეფასებაში დაიხმარონ კვალიფიციური საგადასახადო მრჩეველი.

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte უკვე წლებიან კვალიფიციურ საგადასახადო მომსახურებს უწევს მომხმარებელს. Loialte-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.loialte.com.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები