საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - მიხეილ მაღლაკელიძემ საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
უწყების გავრცელებული ინფორმაციით, სამსახურის უფროსმა რეგიონული სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიაზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
"მიხეილ მაღლაკელიძემ რეგიონული სამმართველოების ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. ამასთან, თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს გაეცნო.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა სამსახურის პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია უწყების გავრცელებულ პრესრელიზში.




























