თბილისში სამართალდამცველებმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცპროდუქტი ამოიღეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია. იგი პროდუქტს თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და შემდგომ ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გასაყიდად.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბრალდებულის კუთვნილი ხორცის მაღაზიიდან და სამაცივრე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.




























