შემოსავლების ლეგალიზაცია, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლება, ფალსიფიცირებული სასმლის წარმოება, კონტრაფაქციული თამბაქოს ნაწარმის წარმოება - საგამოძიებო სამსახურმა 2025 წელს სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული 359 დანაშაულის ფაქტი გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა 432 პირის მიმართ დაიწყო.
ᲡᲐᲒᲐᲛᲝᲫᲘᲔᲑᲝ ᲡᲐᲛᲡᲐᲮᲣᲠᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲐᲛᲝᲦᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲣᲞᲠᲔᲪᲔᲓᲔᲜᲢᲝ ᲠᲐᲝᲓᲔᲜᲝᲑᲘᲡ, 75,203 ᲑᲝᲗᲚᲘ ᲐᲚᲙᲝᲰᲝᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲡᲛᲔᲚᲘ
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქ. გორში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კუსტარული ქარხანა გამოავლინეს, სადაც ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ ხდებოდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, უაქციზო პროდუქციის წარმოება.
ამოღებულია 10,863,120 ლარის ღირებულების 75,203 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, რაზედაც სისხლისსამართლებრივი დევნა ორგანიზებული ჯგუფის წევრი რვა პირის მიმართ დაიწყო.
ᲣᲐᲥᲪᲘᲖᲝ ᲓᲐ ᲙᲝᲜᲢᲠᲐᲤᲐᲥᲪᲘᲣᲚᲘ ᲗᲐᲛᲑᲐᲥᲝᲡ ᲜᲐᲬᲐᲠᲛᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲘ
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქ. გორში აღმოჩენილ იქნა უაქციზო სიგარეტების მწარმოებელი კუსტარული ქარხანა, საიდანაც ამოღებულია 2,129,290.8 ლარის ღირებულების 313,131 კოლოფი უაქციზო და სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული ფილტრიანი სიგარეტი.
ᲓᲘᲓᲘ ᲝᲓᲔᲜᲝᲑᲘᲗ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲡ ᲙᲣᲗᲕᲜᲘᲚᲘ ᲥᲝᲜᲔᲑᲘᲡ ᲛᲝᲢᲧᲣᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲣᲙᲐᲜᲝᲜᲝ ᲨᲔᲛᲝᲡᲐᲕᲚᲘᲡ ᲚᲔᲒᲐᲚᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲔᲑᲘ
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ორი პირი და საჯარო მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამი თანამშრომელი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მოხელეები და კომპანიის ხელმძღვანელი პირები, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 30 საბავშვო ბაღის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ 11 ტენდერში, თაღლითურად დაეუფლნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ავანსად ჩარიცხული 11,218,380 ლარიდან 9,365,801 ლარს და მოახდინეს 1,211,000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 7 პირი, რომელთაგან 2 პირი პატიმრობაში
იმყოფება.
ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲔᲑᲣᲚᲘ ᲯᲒᲣᲤᲘᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲑᲘᲣᲯᲔᲢᲘᲡᲗᲕᲘᲡ 3,926,261 ᲚᲐᲠᲘᲡ ᲖᲘᲐᲜᲘᲡ ᲛᲘᲧᲔᲜᲔᲑᲘᲡ ᲤᲐᲥᲢᲘ
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით 3,926,261 ლარის ზიანის მიყენების ფაქტზე, რვა პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა შეიმუშავეს დანაშაულებრივი სქემა, რომლის ფარგლებში დააფუძნეს ათეულობით კომპანია. ასევე დადგენილია, რომ დასახელებული კომპანიების მეშვეობით, სვანეთიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა 102 მილიონი ლარის ღირებულების, დაახლოებით 130,000 კუბური მეტრი ხის მასალის ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია. ხის მასალის რეალიზაციისას, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დღგ-ს დეკლარაციებში ყალბი მონაცემების მითითებით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით - 3,926,261 ლარის ზიანი მიაყენეს.
საგამოძიებო უწყების გამოქვეყნებულ ანგარიშში ფინანსთა სამინისტრო რეზონანსულ საქმეებსა და დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც 2025 წელს:
| დაიწყო სსკ გამოძიება | დაიწყო სს დევნა | |
| უკანონო სამეწარმეო საქმიანობა | 67 | 100 |
| უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) | 17 | 24 |
| სასაქონლო ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენება | 8 | 13 |
| მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება,შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა | 250 | 294 |
| ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით | 6 | 3 |




























