ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული ბრილიანტების შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით ითვალისწინებს.