საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.
გამოძიების მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოში გადმოიტანა 546 129 ლარის ღირებულების 3 197 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები.
სამართალდამცველების თქმით, ბრალდებულმა ოქრო სპეციალურად მოწყობილ სამალავში, მის მიერ მართვადი სამგზავრო ავტობუსის სალონში გადაიტანა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება გრძელდება.




























