საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტების გამოვლენის მიზნით. მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
"გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აღნიშნული დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.