მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგამოძიებო უწყებებში უკანონო ტყითსარგებლობის 110 ფაქტი გადაიგზავნა|როგორია 6 თვის შედეგები?

უკანონო ტყითსარგებლობა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 946 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების თანახმად, მათგან 110 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

"გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 711 ფაქტი ეხება ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას, ხოლო 235 - სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალური საქმიანობის შემთხვევებს. 110 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნავენ დეპარტამენტში.

6 თვეში დალუქულია 36 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი - 222 ფაქტი დაფიქსირდა აჭარაში. სამეგრელო-ზემო სვანეთში - 174, კახეთში - 172, იმერეთში - 124, სამცხე-ჯავახეთში - 66, ქვემო ქართლში - 48, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 39, გურიაშიც - 39, შიდა ქართლში - 32, მცხეთა-მთიანეთში კი - 25.

5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა დედაქალაქშიც - გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა, თბილისში, 6 თვეში გამოავლინეს 2 უკანონო სახერხი საამქრო, ასევე ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 და სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 2 ფაქტი.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

მერქნიანი მცენარეების უკანონო ჭრა, ხე-ტყის დამზადება ან ტრანსპორტირება ისჯება ფულადი ჯარიმით, რომელსაც შესაძლოა დაემატოს გარემოზე მიყენებული ზიანის კომპენსაციის თანხა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის ან სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები