საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის მიმართვის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო.
მანამდე კი საქართველოს პრემიერმა განმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ცხადდება.
პრემიერ-მინისტრმა მედიას საგანგებო მდგომარეობით განსაზღვრული მოქმედებების ნუსხა გააცნო.
როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს შემდეგ შესაძლებლობებს - იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით იქნება გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში; იზოლაციისა და კარანტინის წესების დამრღვევი პირის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები;
საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.
დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
საქართველოს მთავრობას მიეცემა უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისთვის, მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;
მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;
საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;
სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.




























