შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური 9.4 მლნ ლარად 162 ერთეული მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს ყიდულობს.
გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი შესყიდვის აუცილებლობას ზამთრის მოახლოებასთან ერთად, სამთო კურორტებზე გაზრდილი ტურისტული ნაკადით და გახშირებული სტიქიური მოვლენებით ხსნის. წერილისა მიხედვით, ახლა საგანგებო სიტუაციების მართვის ბალანსზე არსებული ტექნიკის ნაწილი მოძველებული და რიგ შემთხვევებში ამორტიზებულია.
"მეხანძრე-მაშველები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ რთულ მეტეოროლოგიურ - გეოგრაფიულ პირობებში საგანგებო შემთხვევებზე დაშავებული მოქალაქეების გადარჩენის სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას რაშიც მათ ხელს უნდა უწყობდეს შესაბამისი ტექნიკა.
შესაბამისი სამსახურის მიერ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად განხილული იქნა არსებული პრაქტიკული გამოცდილება კერძოდ შეფასდა მასშტაბური ბუნებრივი სტიქიური მოვლენები, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, დიდთოვლობა, ზვავი და ა.შ, ასევე გაანალიზდა თითოეულ შემთხვევაში რეაგირების დრო.
ვინაიდან, რიგ შემთხვევებში ყოველ წუთს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად გამოიკვეთა, რომ აუცილებელია სწრაფი რეაგირებისთვის შესაბამისი ავტოპარკის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს რთულ რელიეფურ ადგილებში როგორც შესაბამისი სპეციალისტების, ასევე შესაბამისი სპეცტექნიკის დროულ მიწოდებას. ზემოაღნიშნულის შედეგად გამოიკვეთა, რომ მომეტებული ტურისტული ნაკადების და გახშირებული სტიქიური მოვლენების, ასევე სხვადასხვა სამთო კურორტების განვითარებების პირობებში (აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში გაიმართა რიგი საერთაშორისო ღონისძიება და მომავალშიც დაგეგმილია არაერთი ღონისძიების გამართვა, რისთვისაც აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად უსაფრთხოების დონის ამაღლებაც), საგანგებო სიტუაციებს წარმოქმნის შემთხვევაში, არსებული, მოძველებული და რიგ შემთხვევაში ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები სათანადოდ ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს", - წერია გამარტივებულ შესყიდვაში.