“განათლებაში ინვესტიციების მნიშვნელობის აღიარებით სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობისთვის, მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოში ორი მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას — ესენია: პროექტი „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ (I2Q), რომელიც 2019 წელს დაიწყო, და „ადამიანური კაპიტალის პროგრამა“, რომელიც 2022 წელს დამტკიცდა” – ამის შესახებ „ანალიტიკა“–ს მსოფლიო ბანკის საგარეო ურთიერთობათა სამსახურიდან მოsწერეს.
„ანალიტიკა“–მ იკითხა: ქართული ოცნების მიერ განათლების სისტემაში გათვალისწინებული რადიკალური ცვლილებების ფონზე - რა ბედი ეწევა ნახევარმილიარდიან სესხს, რომელსაც საქართველო მსოფლიო ბანკისგან იღებს და რომელიც ინოვაციურობის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების და ხარისხის გაძლიერების გარანტი უნდა ყოფილიყო?
როგორც მსოფლიო ბანკი BMG-ის გვეუბნება: „ორივე პროგრამა თანხვედრაშია საერთო მიზანთან, რაც გულისხმობს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და მთელ საგანმანათლებლო სისტემაში ხარისხისა და რელევანტურობის გაძლიერებას. აქტივობები მოიცავს საფეხურებს ადრეული ასაკიდან უმაღლეს განათლებამდე (პროფესიული განათლების გამოკლებით) და მათი იმპლემენტაცია გეგმის მიხედვით გრძელდება. ამ აქტივობების ამოცანები და სამიზნე მაჩვენებლები თავიდანვე იყო განსაზღვრული და კვლავინდებურად აქტუალური რჩება“.
ამ მოკლე პასუხის მიღმა, მსოფლიო ბანკი პირისპირ საუბრისგან თავს იკავებს.
მსოფლიო ბანკის მიერ ნახსენები პირველი პროექტი „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი“ - უმაღლესი განათლების ნაწილში ფოკუსირებულია ფინანსურ მდგრადობაზე, ხარისხის გაუმჯობესებაზე და სტუდენტთა აკადემიური მიღწევების წახალისებაზე. მეორე - „ადამიანური კაპიტალის პროგრამა“ - უმაღლეს განათლებას განიხილავს არა როგორც ცალკეულ სექტორს, არამედ როგორც ადამიანური კაპიტალის ჯაჭვის ნაწილს, სადაც სახელმწიფო ინვესტიცია პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ უკუგებასთან.
მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს განათლების სისტემისთვის ამ კომპლექსური ხედვის ჩამოყალიბების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ განათლების სისტემაში რადიკალური ცვლილებები შეიტანა: ავტონომიურობა ჩაანაცვლა ცენტრალიზებული მიდგომით; ხელმისაწვდომობა - ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის მოდელით; სტუდენტის დაფინანსება - პრიორიტეტული დაფინანსებით და აქცენტი ტრანსფერული უნარების მნიშვნელობიდან, ანუ კომპეტენციების მნიშვნელობიდან სპეციალობებზე გადაიტანა.
მსოფლიო ბანკის მიერ "ანალიტიკა"–სთვის მოწოდებული პასუხიდან ჩანს, რომ ქართული ოცნების ამ გადაწყვეტილებებს მსოფლიო ბანკის პროგრამებში არსებითი ცვლილებები არ შეუტანია.
ჯამში, ამ ორი პროგრამის ფარგლებში საქართველო მსოფლიო ბანკისგან ნახევარ მილიარდ დოლარს სესხულობს, რომელიც ფიდუციურობის პრინციპით, ყოველ მომდევნო ტრანშს მხოლოდ მას შემდეგ გასცემს, რაც მიღწეულ შედეგებს დამოუკიდებელი აუდიტით დაადასტურებს.




























