მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის გახსნა 2027 წლისთვის გადავადდა

გზა მაგისტრალი მშენებლობა

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი ოთხზოლიანი მონაკვეთი 2027 წელს გაიხსნება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ პროექტის დასრულება უკვე მეორედ გადავადდა, რადგან თავდაპირველად ის 2025 წელს უნდა დასრულებულიყო, 2026 წლის ბიუჯეტით მისი დასრულების ვადად 2026 წელი იყო მითითებული, თუმცა საბოლოოდ ის მოძრაობისთვის 2027 წელს გაიხსნება.

"კახეთის მაგისტრალი - საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი მიმდინარე პროექტია და დასრულდება მომავალ წელს მისი მშენებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2023 წლის თებერვალში გაფორმდა და ის მსოფლიო ბანკის მიერ 276.8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს თურქული საინჟინრო კომპანია Gocay Insaat Taahhut ve Ticaret-ი ასრულებს.

პროექტის ფარგლებში შენდება 4 ხიდი, 8 გზაგამტარი და 86 წყალგამტარი მილი. პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია საპროექტო მონაკვეთის მიმდებარედ არსებული ადგილობრივი საგზაო ქსელის გაუმჯობესება და მისი აღნიშნულ მონაკვეთთან დაკავშირება.

2024 წელს კი გაიხსნა კახეთის ახალი ავტომაგისტრალის ლილო-საგარეჯოს 35-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც 527 მილიონი ლარი დაჯდა. შესაბამისად, საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი ამ გზის გაგრძელებას წარმოადგენს.

ირაკლი კობახიძემ დღევანდელ გამოსვლაში კახეთში სხვა მონაკვეთების მშენებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბადიაურიდან ბაკურციხემდე გზის მშენებლობა 2027 წლის პირველ ნახევარში უნდა დაიწყოს და 2030 წელს დასრულდეს.

"არის მეოთხე და მეხუთე ლოტები - ბადიაური-ბაკურციხე დაიწყება 2027 წლის პირველ ნახევარში მშენებლობა და დასრულდება 2030 წელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბადიაური-ბაკურციხის 32-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) და მსოფლიო ბანკის კრედიტით უნდა დაფინანსდეს. კახეთში ასევე იგეგმება თელავი-გურჯაანის 36.6-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაც. ორივე ამ მონაკვეთის მშენებლობა $315-მილიონიანი კრედიტით უნდა დაფინანსდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები