საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მაკა ბოჭორიშვილი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის ახალ შემადგენლობასთან მუშაობას განაახლებენ. ამის შესახებ მან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე განაცხადა.
"დიალოგი ვერ იქნება პარტნიორებთან ულტიმატუმის ენით საუბარი, პარტნიორებს შორის საჭიროა ყველა კრიტიკულ საკითხზე კონსტრუქციული მიდგომა. იმედი მაქვს, რომ ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ინტენსიურად ვიმუშაოთ ევროკომისიის შესაბამის სამსახურებთან. იმისთვის, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად გადავდგათ ევროკავშირის წევრობისკენ ნაბიჯები", - თქვა ბოჭორიშვილმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობის კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და კიდევ ერთხელ ითხოვს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას.