საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით იქნება შესაძლებელი კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელება,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გასული 4 წელი გამორჩეულად რთული იყო საქართველოსთვის და რეგიონისთვის, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთული საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დააყენა. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის ახლად არჩეულ წევრებს უფრო მშვიდ გარემოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
„საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ორიენტირებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის და სუვერენიტეტის განმტკიცებაზე, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავებაზე. მხოლოდ მტკიცე, პრაგმატული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებით იქნება შესაძლებელი საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელება. უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნებას და მხარდაჭერის გაძლიერებას. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მიზნით. გაგრძელდება სახელმწიფოს ინტერესების დაცვა სტრასბურგსა და ჰააგის სასამართლოებში.
საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის გაძლიერებისა და ეფექტიანი ფუნქციონირებისაკენ გასული 4 წელი გამორჩეულად რთული იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი რეგიონისთვის, რაც პირდაპირ აისახა საქართველოზე და ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთული საშინაო და საგარეო გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენი ერთობის, მჭიდრო თანამშრომლობის და თავდაუზოგავი შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგის მიღწევა, რასაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ბოლო პერიოდში, გამოწვევებით სავსე პერიოდში. გასულმა 4-მა წელმა ისიც განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოაჩინა, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენენ საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე და პირიქით, ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეების გამოყენება როგორ ხდება საგარეო პოლიტიკაში. ამიტომაც, ერთდროულად, განსაკუთრებული გამბედაობა და სიფრთხილე სჭირდება საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევების გათვალისწინებით”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.
მაკა ბოჭორიშვილმა ყოფილ მინისტრ ილია დარჩიაშვილს ურთულეს პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის და საუკეთესო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.