მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო შოკების ფონზე, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს "ფასების კომისიისგან"? - ნათია თურნავას პასუხი

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას შეფასებით, საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე სურსათის გაიაფების საკითხში "ფასების კომისიები" და სებ-ი ერთმანეთს ავსებენ - ამის შესახებ თურნავამ TV პირველის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

იმ პერიოდში, როდესაც ირანში ომის გამო საქართველოში პროდუქტის ფასების ცვლილება გარე შოკებზეა დამოკიდებული და აპრილის თვეში სურსათის გაძვირებაა მოსალოდნელი, კითხვა შეეხებოდა მოლოდინებს, რომლებიც საზოგადოებას ფასების კომისიისგან ჰქონდეს.

"ინფლაციასთან დაკავშირებული მოლოდინები შედარებით კარგად მართულია, თუმცა რასაკვირველია, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გავლენას ახდენს არათუ საქართველოზე, არამედ მთლიანად გლობალურ ეკონომიკაზე; ნავთობის ფასებზე მაღალი მონაცვლეობაა, საათობრივად იცვლება ფასები. შეიძლება ამან გავლენა არ მოახდინოს საქართველოზე, ისე როგორც გლობალურ ბაზრებზე, თუმცა მარტის მონაცემებით უკვე ვხედავთ ზომიერ გავლენას: მარტის ინფლაციაში ნავთობპროდუქტების ფასების ცვლილების კონტრიბუცია 0.2% იყო. დანარჩენს გვიჩვენებს ის, თუ რა ხანგრძლივობის და სიძლიერის შოკი იქნება საგარეო ბაზრებზე. ეროვნული ბანკი მზადაა, ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტებით, ადეკვატურად უპასუხოს ამ გამოწვევებს.

რაც შეეხება ფასების კომისიას, ჩვენ გვაქვს საქმე ორ სხვადასხვა რამესთან; ერთია ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკა, სადაც ძირითადი ბერკეტი მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთია და ჩვენ მაკროეკონომიკის დონეზე ვახდენთ ფასების დინამიკის და ინფლაციის მართვას. რაც შეეხება კონკრეტულად მთავრობის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კომისიები და განხილვა ხდება სხვადასხვა სასაქონლო ჯგუფზე საცალო ვაჭრობაში არსებული ფასწარმოქმნის, ეს ემსახურება კონკურენციის ხელშეწყობას, ფასწარმოქმნის გამჭვირვალობის წესების დადგენას, რაც, სხვათა შორის ევროპული პრაქტიკაა; ემსახურება კონკურენციის შესაძლო დარღვევის და შესაძლო კარტელური გარიგებების გამოვლენას. ანუ ეს არის სტრუქტურული საკითხი, რაც არის სრულიად მთავრობის კომპეტენციაში, აქედან გამომდინარე, ერთი მეორეს ავსებს. აქ რაიმე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ, პირიქით, სინერგიის ეფექტია", - ამბობს ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები