მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე არჩევნებს - განცხადება

მავთულხლართი

9 ივნისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

ე.წ. არჩევნები შერეული, მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით მიმდინარეობს: 34 დეპუტატიდან ნახევარს პარტიული სიებით ირჩევენ, მეორე ნახევარს კი - მაჟორიტარული ოლქებიდან.

საქართველოს საგარეო უწყება გმობს ე.წ არჩევნებს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანიბას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

იმ პირობებში, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს არ ეძლევათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობას უწევს ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის პირობებში ცხოვრება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს" - წერია განცხადებაში.

ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს ქმედებები, რომლებიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანიბას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები