მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგარეო უწყებაში უნიკალური ინსტიტუციური მეხსიერება იშლება - დიპლომატი სამინისტროს რეორგანიზაციაზე

დავით დუნდუა

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, კარიერული დიპლომატი დავით დონდუა, რომელიც 2014-2018 წლებში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა.

დონდუას თქმით, უწყებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების პროცესს თან სდევს ინსტიტუციური მეხსიერების დაკარგვა, რაც ქვეყნის დიპლომატიური სამსახურისთვის მძიმე დარტყმას წარმოადგენს.

"საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი მენაღარიშვილის დანიშვნისთანავე, თავხედურად „შევაჭერი“ მის კაბინეტში და ვუთხარი, რომ მაქვს crazy idea.

- გისმენო, მიპასუხა.

მინდოდა ამეხსნა, რომ უწყებაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ულოგიკოდ იყო მიმოფანტული, ზოგი კი საერთოდ „უპატრონოდ“ იყო მიტოვებული. ამდენად, ნატოს ოთხკაციანი სამმართველოს ნაცვლად, კარგი იქნებოდა დიდი დეპარტამენტის შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა უსაფრთხოების სფეროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დავიწყე თუ არა საუბარი, მალევე გამაჩერა.

- მივხვდი რის თქმასაც აპირებ და ამაში crazy არაფერია. ეს ყველაფერი მოხსენებითი ბარათით, ოფიციალურად მომაწოდე. დაასაბუთე აუცილებლობა და დაურთე დეპარტამენტის სტრუქტურის პროექტი, თავისი საშტატო ერთეულებით.

ამ საუბრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სამინისტროში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, ოთხი სამმართველოთი და 18 თანამშრომლით. (ზუსტად იმდენით, რამდენიც მოვითხოვეთ. არავის უვაჭრია ამდენი რად გინდაც, ნაკლებიც გეყოფათო). დეპარტამენტში თავი მოიყარა ნატოსთან პარტნიორობამ, ეუთოს პირველმა განზომილებამ, განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკამ, ექსპორტის კონტროლის ეროვნული სისტემის შექმნამ, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივმა ურთიერთობებმა, რუსეთთან მოლაპარაკებებმა სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, აშშ-ს მხარდაჭერით ეროვნული გვარდიის, სანაპირო და საზღვრის დაცვის მოწყობის დიპლომატიურმა უზრუნველყოფამ და კონფლიქტების მოგვარების თემამ.

დეპარტამენტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი esprit de corps, რამაც ხელი შეუწყო სპეციფიკური დარგის კვალიფიციური კადრების აღზრდას. შედეგად, ოცდაათი წლის განმავლობაში დეპარტამენტში დაგროვდა უნიკალური ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც ესოდენ ფასეულია ნებისმიერი ქვეყნის საჯარო სამსახურისთვის.

დღეს ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა. სოლიდარობა ყველას, ვინც პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

#საქართველოევროპაა!

P.S. პირველი თაობის კოლეგებს გემახსოვრებათ ეს საფერფლე. რაც ამ ლომების ყურებს მოუსმენიათ, ინსტიტუციური მეხსიერება ამას ჰქვია", - წერს დუნდუა.

საჯარო უწყებებიდან გათავისუფლების ტალღა „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლითაც ხელისუფლებამ ფორმალურად შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების შესრულება და ევროინტეგრაციის პროცესში „პოლიტიკური წნეხი“ გამოაცხადა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში, საჯარო სივრცეში გამოჩნდა არაერთი ინდივიდუალური და კოლექტიური განცხადება საჯარო მოხელეების მხრიდან — ისინი ღიად გამოხატავდნენ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ, რომელიც სახელმწიფოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ვალდებულებას ითვალისწინებს.

ბოლო რამდენიმე დღეა, საგარეო უწყებაში ე.წ. რეორგანიზაციის შედეგად, ათობით ადამიანი გაათავისუფლეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები