2025 წლის პირველ კვარტალში „ვალდებულებების ზრდით“ სახელმწიფო ბიუჯეტში 735.7 მლნ ლარი შევიდა, რაც გეგმის 83.1%–ია.
ბიუჯეტის შესრულებაზე ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებული ჩამორჩენა საგარეო ვალის ნაწილშია, რომელიც მხოლოდ 50%-ით შესრულდა. უფრო დეტალურად, იანვარ-მარტში:
- საშინაო ვალდებულებების ზრდით მიღებულია 612.9 მლნ ლარი - საპროგნოზო მოცულობის 95.9%;
- საგარეო ვალდებულებების ზრდით მიღებულია 122.8 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის 50%–ია. ეს თანხა მთლიანად საინვესტიციო გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების სახითაა მიღებული და ამ მიმართულებით გეგმა 69.5%-ით არის შესრულებული. აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში არ ფიქსირდება ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების მიღება, ეს კი იმ ფონზე, რომ სამი თვის გეგმით, 69 მლნ ლარის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტი იყო პროგნოზირებული.
ამასთან, ანგარიშის თანახმად, გრანტების პირველი კვარტალის გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. კერძოდ, მიღებულია 59.4 მლნ ლარი, რაც გეგმის 120.8%–ია.




























