მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საგურამოში ფინური სკოლის მშენებლობის დასრულებამ 2027 წლამდე გადაიწია - რა ღირს სწავლა?

6006eecb51a0e
ინგა მურუსიძე
19.01.21 19:05
7393
ფინური საერთაშორისო სკოლის მშენებლობა, რომელიც საგურამოში, 7 ჰექტარზე უნდა განთავსდეს, 2021 წლის ნაცვლად სრულად 2027 წელს დამთავრდება. ამის შესახებ bm.ge-ის სკოლის დამფუძნებელმა, "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" დირექტორმა აიეტ კუკავამ განუცხადა, რომელიც ირწმუნება, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 17 მილიონ ევრომდეა.

ფინურ საერთაშორისო სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წელს დაიწყო. ფინური საერთაშორისო სკოლა ამჟამად მდებარეობს დიღომში, ხახულის ქუჩა #8 და უახლოეს მომავალში გადაინაცვლებს საგურამოში, რომლის შენობაც ძალიან მალე დასრულდება. ფინური საერთაშორისო სკოლა 2021 წლის სექტემბრიდან უკვე არა მხოლოდ დაწყებით, არამედ მე-6-ე კლასსაც უმასპინძლებს.

"ამჟამად საგურამოს ცენტრში აღებული გვაქვს მცირე ზომის შენობა და წელს იქ გადავალთ, ხოლო უკვე 2022 წლიდან დავიწყებთ 7 ჰექტარზე გაშენებული სკოლის ნაწილის ათვისებას. იქ იქნება ოლიმპიური აუზი, 10 000 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და ა.შ. მშენებლობა სრულად 2027 წელს დასრულდება და ფართებს საჭიროების მიხედვით ავითვისებთ. დიდი შენობის აშენებას ახლა აზრი არ აქვს, რადგან ვიღებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ვზრდით ჩვენთან და როცა მაღალ კლასებში გადავლენ, სკოლაც სრულად მაშინ გაიხსნება. თავდაპირველად პირველი სამი კლასი გავხსენით, ის ნაკადი უკვე გაიზრდა და დავამატეთ მე-4 და მე-5 კლასებიც”, - ამბობს აიეტ კუკავა.

ის ამბობს, რომ პანდემიის მიუხედავად, „ყველაფერი გეგმის მიხედვით ხორციელდება“ და საგურამოს შემდეგ ინვესტორი ფინური სკოლების გახსნა ბათუმსა და ქუთაისშიც გეგმავს. „პირველ ეტაპზე მხოლოდ I-IV კლასის მოსწავლეებს მივიღებთ. პირველ ეტაპზე, სკოლა ნაქირავებ, პატარა შენობებში განთავსდება, ხოლო როცა ჩვენი მოსწავლეები მე-7 კლასში გადავლენ, შენობებს იქაც ავაშენებთ“, - ამბობს კუკავა.

რაც შეეხება ფინურ სკოლაში სწავლის საფასურს, ის წლიურად ამ ეტაპზე შეადგენს 4850 ევროს ექვივალენტს ლარში. სკოლაში გათვალისწინებულია რიგი შეღავათებიც, რასაც შეგიძლიათ ფინური სკოლის ვებ გვერდზე დეტალურად გაეცნოთ. სწავლის გარდა, ღირებულებაში შედის ყველაფერი, რაც სასწავლო პროცესთან არის დაკავშირებული: ტრანსპორტირება, ორჯერადი კვება, სახელმძღვანელოები, წრეები და ექსკურსიებიც კი”, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ სკოლის მენეჯმენტს საკმაოდ ძვირი უჯდება მასწავლებლების ხელფასები, ვინაიდან ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ და გარკვეულ რესურსს პედაგოგების გადამზადებაშიც დებენ.

აიეტ კუკავას ინფორმაციითვე, 2027 წლისთვის, მას შემდეგ, რაც საგურამოში სასკოლო კომპლექტი სრულად აშენდება, ადგილზე მასწავლებლების გადმზადება-დატრენინგებას დაიწყებენ.

„სკოლა უნდა იყოს საუკეთესო და შესაბამისად, მასწავლებლებიც საუკეთესო. გარდა დატრენინგებისა, მათ ვუშვებთ ფინეთში. ჩვენი სკოლა განსხვავებული არის იმითაც, რომ პერიოდულად გვსტუმრობენ განათლების ექსპერტები ფინეთიდან, რომლებიც გვაძლევენ რეკომენდაციებს, როგორ შევინარჩუნოთ ფინური განათლების ხარისხი და არსებობის შემთხვევაში შეუსაბამობების გამოსწორებაშიც გვეხმარებიან“, - აცხადებს აიეტ კუკავა.

ცნობისთვის: ფინურ საერთაშორისო სკოლაში სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზეა დაფუძნებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები