მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საგზაო ჯარიმები, შრომითი მიგრაცია და ვენახების გაშენება - რა იცვლება დღეიდან?

1 მაისიდან

2026 წლის 1-ელი მაისიდან საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება შევიდა ძალაში. დღეიდან მკაცრდება სანქციები საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე, იწყება თვითდასაქმებული უცხოელების მიმართ შრომითი რეგულაციების აღსრულება და ძალაში შედის ახალი წესები ვენახების გაშენებაზე.

ჯარიმები

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები და მართვის მოწმობის ქულების კლება მნიშვნელოვნად გაიზარდა:

  • მანევრირება და სიჩქარე: გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე გაიზარდა (მართვის მოწმობას დააკლდება 20 ქულა). 15-დან 40 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება კი 50-ის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება.
  • უსაფრთხოების ღვედი და მობილური: ღვედის გამოუყენებლობაზე სანქცია 50 ლარი გახდა (-10 ქულა). ამავე ოდენობის ჯარიმა (50 ლარი) დაწესდა მართვისას მობილურით სარგებლობისთვის.
  • პარკირება ქალაქებსა და კურორტებზე: დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის, თბილისის მსგავსად, 50-ლარიანი ჯარიმა ამოქმედდა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და კურორტებზე.
  • დრიფტი და საცობი: „დრიფტი“, რომელსაც მსუბუქი დაზიანება მოჰყვა, გამოიწვევს 500-ლარიან ჯარიმას და მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას. საავარიო ვითარების ან საცობის განმეორებით შექმნა კი 300 ლარით დაჯარიმდება (-30 ქულა).
  • სატვირთოების მოძრაობა: თბილისში იმ სატვირთოების მოძრაობა (N2, N3 კატეგორია), რომელთა დანიშნულების ადგილი დედაქალაქი არ არის, 500 ლარით დაჯარიმდება.

შრომითი მიგრაცია

დღეიდან სახელმწიფო იწყებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის აღსრულებას იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში თვითდასაქმებულები არიან.

მართალია, უცხოელთა დასაქმების ახალი წესები მარტიდან ამოქმედდა, თუმცა თვითდასაქმებულებს (საწარმოების პარტნიორებს ან სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღებ პირებს) საბუთების მოსაწესრიგებლად ვადა დღემდე ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ კანონით შეიზღუდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ისეთ პოზიციებზე, როგორიცაა: გიდები, კურიერები და ტაქსის მძღოლები. ადგილობრივი დამსაქმებლები კი ვალდებულნი არიან, უცხოელის დასაქმების საჭიროება შესაბამის უწყებებთან დაასაბუთონ.

ახალი რეგულაცია სამეწარმეო ვენახებისთვის

ცვლილებები შევიდა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონშიც. დღეიდან, კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენება მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს წინასწარი, უფასო თანხმობის საფუძველზეა შესაძლებელი.

თუ პირი ვენახს თვითნებურად გააშენებს, ის ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას. აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა არ ეხება ფიზიკურ პირებს, რომლებიც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები