საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ, ქვეყანაში ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით, საუკეთესო გამოსავალი მოსახლეობაში შესაბამისი ცოდნის ადრეული ასაკიდან დანერგვაა - ამის შესახებ მელაძემ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა.
ფედერაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საგზაო მოძრაობის წესების სწავლება ბაღის ასაკიდან უნდა იწყებოდეს და უმაღლეს სასწავლებლებშიც გრძელდებოდეს.
"ყველა ჯერზე, როცა ამ საკითხს მივადგებით - და ძალიან ბევრი წელია, ამ საკითხზე ვსაუბრობთ - ყოველთვის ვიწყებთ ერთი რაღაცით, სათავით. ეს სათავე, პირველ რიგში, ცოდნაა. ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ კონკრეტულ ქმედებას, რადგან ამის შესაბამისი ცოდნა არ აქვთ.
ბაღებიდან უნდა იწყებოდეს სწავლა საგზაო მოძრაობის წესების, მოძრაობის ყველა მონაწილისთვის, იქნება ეს ფეხით მოსიარულე, ავტობუსი, ავტომობილი და ა.შ. რომ ბავშვობიდან სწორად ვიცოდეთ ყველაფრის გამოყენება. შემდეგ ეს უნდა გაგრძელდეს სკოლებში, უნდა არსებობდეს პრაქტიკული გაკვეთილებიც, უნდა ეწყობოდეს ჩვენებები სხვადასხვა, თუნდაც არც თუ ისე სასიამოვნო ვიდეოების, რომ აღქმაში გაჩნდეს, რა შეიძლება ჩვენს ქმედებებს მოჰყვეს. რა თქმა უნდა, უნივერსიტეტებშიც უნდა გაგრძელდეს და შემდეგ მივალთ უშუალოდ ავტოსკოლებთან", - ამბობს მევლუდ მელაძე.
ავტოსკოლებზე საუბრისას საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა, ინსტრუქტორთა სერტიფიცირების პროგრამის დაწყებაც, რადგან დღესდღეობით მათი სწავლების ხარისხს არავინ ამოწმებს.
მევლუდ მელაძე განმარტავს, რომ შესაბამისი ცოდნის მიღება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ მოქალაქე ავტომობილს არ მართავს და მხოლოდ ქვეითად მოსიარულეა.
"უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამა. ყველა ქვეყანაშია მინიმალური პროგრამა, რომელიც მართვის მოწმობისთვის ყველამ სავალდებულოდ უნდა გაიაროს, ჩვენთან ასე არ არის, ყველა ინსტრუქტორი ინდივიდუალურად წყვეტს, როგორ უნდა ასწავლოს. ეს ინსტრუქტორი ვინ არის, ვინ ასწავლის, კაცმა არ იცის, არ არსებობს მათი სერტიფიცირების საკითხი, პროგრამა, რომელიც მათ ხარისხიანობას განსაზღვრავს და ა.შ.
ყველა, ვინც ქუჩაში ვმოძრაობთ, თვითნასწავლი ვართ და, როგორც განვვითარდით, ისე განვვითარდით. მოძრაობის მონაწილე აბსოლუტურად ყველა ვართ, ავტომობილი გვყავს თუ არა, შესაბამისად, მინიმალური ცოდნა, რა შეიძლება მოჰყვეს თითოეულ მანევრს, აუცილებელია, რომ თავი დავიძვრინოთ სხვადასხვა შემთხვევებისგან", - აღნიშნავს მელაძე.
მელაძე აღნიშნავს, რომ, ბავშვობის ასაკიდან შესაბამისი ცოდნის მიცემა, ზრდასრულ ასაკში, უდანაშაულო მძღოლს ფატალური შედეგების თავიდან არიდებაში ეხმარება.
"მაგალითად, ჩვენ შეიძლება ქუჩაში მივდიოდეთ, აბსოლუტურად უდანაშაულოდ, მაგრამ ვიღაცას უნდა, ყველაფრის დარღვევით, შემხვედრ ზოლში გადმოვიდეს და სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვღუპოს. ამიტომ, თუ ჩვენ შესაბამისი ცოდნა გვექნება, თავიდან როგორ ავირიდოთ ეს ყველაფერი, მინიმალურ რაღაცებს მაინც მივხვდებით. ასევე, მეორე მხარეს, რომელიც ასე არღვევს, მას თუ შესაბამისი ცოდნა ექნება და ბავშვობიდან ჩამჯდარი ექნება აღქმაში, რისი გამოწვევა შეუძლია მის ქმედებას, ამ რაღაცებს აღარ გაბედავს.
თანამედროვე ავტომობილები უკვე ჩქარია, ყლაპავს სიჩქარეს. ავტომობილში როცა ზიხარ, ისეა მოწყობილი, რომ სანამ არ დახედავ სპიდომეტს, ვერ აღიქვამ სიჩქარეს და გაჩერების დროს ძალიან ხშირად, მძღოლებს არ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რა შეიძლება იყოს, მაგალითად, სამუხრუჭე მანძილი და ყოფით ცხოვრებაში, ქალაქში გადაადგილებისას, ვინმე რომ არევს, მხოლოდ მაშინ ვხვდებით, რომ ეს არსებობს", - ამბობს მევლუდ მელაძე.
ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წლის მესამე კვარტალში ავტოსაგზაო შემთხვევებს 122 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 2000-ზე მეტი ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას რაც შეეხება, 2024 წლის მესამე კვარტალში ჯამურად 1563 ავტო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, 2023 წელის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რიცხვი 1496 იყო.
წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევით დაღუპულთა რაოდენობა 301-ია.