მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საჰაერო გადაზიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამაში დიდი წვლილი ელკომერციამ შეიტანა - CAMEX Airlines

სატვირთო გადაზიდვები

"ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც", - ამის შესახებ BMG-ის CAMEX Airlines-ის საოპერაციო დირექტორმა შაკო სეთურიძემ განუცხადა.

2025 წლის 11 თვის სტატისტიკა აჩვენებს, რომ სატვირთო გადაზიდვებში 49%-იანი ზრდა ფიქსირდება და წელს თითქმის 34 ათასი ტონა ტვირთია საჰაერო გზით გადაზიდული. სატვირთო გადაზიდვების ასეთი ზრდა ელკომერციას უკავშირდება, რომელიც როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები გვეუბნებიან ისეთი საიტების პოპულარობამ განაპირობა როგორიც მაგალითად ჩინური Temu-ა.

"Camex Airlines 2022 წელს დაარსდა. ამ დროის განმავლობაში ჩვენი ავიაპარკი გაიზარდა და მიმდინარე წლის მდგომარეობით ოთხი თვითმფრინავი გვყავს. ორი თვითმფრინავი არის Boeing 737-800 ტიპის, რომლის ტვირთამწეობა დაახლოებით 20 ტონას შეადგენს, ხოლო ორი თვითმფრინავი არის Boeing 767-300 ტიპის, რომლის ტვირთამწეობა 50–52 ტონაა.

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. ამ პროცესში საქართველო აქტიურად გამოიყენება როგორც სატრანზიტო ჰაბი. საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთი გადის მეზობელი ქვეყნების მიმართულებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია სომხეთი, რომელიც აქტიურად სარგებლობს საქართველოს პორტებითა და აეროპორტებით, რადგან თავად არ ჰყავს სატვირთო ავიაგადამზიდი.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ტვირთბრუნვა ევროპის მიმართულებითაც. ჩვენი დაკვირვებით, ამ ზრდაში დიდი წვლილი შეიტანა ელექტრონული კომერციის პლატფორმამ Temu-მ, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა საჰაერო ტვირთების მოცულობა.

მხოლოდ 2025 წელს ჯამში დაახლოებით 15 000 ტონა ტვირთი გვაქვს გადაზიდული. აქედან დაახლოებით 4 000 ტონა საქართველოს აეროპორტებში დარჩა, ხოლო დარჩენილი ტვირთი მთლიანად ტრანზიტულია და ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით იქნა გადაზიდული", - აცხადებს შაკო სეთურიძე.

ვრცლად: რა შედეგით ასრულებს წელს ქართული საავიაციო ბაზარი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები