მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჰაერო სატვირთო გადაზიდვები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც შემცირდა - Camex Airlines

641b0bd8dec7f
მარიამ ვარადაშვილი
22.03.23 18:37
722
საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კომპანია Camex Airlines-მა მეორე ბორტი დაამატა.  როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სეთურიძე BMG-ის ეუბნება, საქართველოში იმპორტირებულ ტვირთებს არ ემსახურებიან და სატვირთო გადაზიდვებს ძირითადად სხვადასხვა ქვეყნიდან ახორციელებენ.

“ძირითადად საერთაშორისო ბაზარზე ვმუშაობთ. 2022 წელი კომპანიის ფორმირების წელი იყო და მთელი დატვირთვით ჯერ არ დაგვიწყია მუშაობა. დღემდე ერთი ბორტი გვყავდა და ამ რესურსით მაქსიმუმი გავაკეთეთ. ახლა მეორე ბორტით უფრო სერიოზულ პროექტებშიც შევძლებთ შესვლას. რაც შეეხება საქართველოში ტვირთბრუნვის კლების საკითხს, ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს და საერთაშორისო ბაზარზეც დაახლოებით იგივე ტენდენციაა. პანდემიის პერიოდში ის ტვირთიც, რაც სამგზავრო თვითმფრინავებით გადაიზიდებოდა, სატვირთო ავიაკომპანიებს დააწვა. ასეთი ბუმის პირობებში ბევრმა კომპანიამ ჩათვალა, რომ ფლოტი უნდა გაეზარდა, რის გამოც მიწოდება გაიზარდა. თუმცა ბაზარზე ყველაზე მეტად რუსეთ-უკრაინის ომი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური შედეგები, ასევე ჩინეთის ხანგრძლივი ლოქდაუნი აისახა. ამან მიწოდების ჯაჭვები სერიოზულად დააზიანა. ანუ საერთაშორისო ტენდენცია იყო სატვირთო გადაზიდვებში კლება. რეგულარულ ჩარტერულ სატვირთო რეისებს ვახორციელებთ ჰონკონგის მიმართულებით, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აზია. ნებისმიერი ტიპის ტვირთებზე გვაქვს დაშვება როგორც სახიფათოზე, ასევე ე.წ გენერალ კარგოზე”,-აცხადებს სეთურიძე.

ომის დაწყებისთანავე რუსეთის ავიაცია უპრეცედენტო სანქციების ქვეშ აღმოჩნდა, რადგან ევროკავშირმა საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რუსეთში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისთვის. შეზღუდვა გავრცელდა რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში მყოფ კერძო თვითმფრინავებზეც. დაკეტილი საჰაერო სივრცის გარდა, Airbus-მა და Boeing-მა რუსულ ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილების მიწოდება შეუწყვიტეს.

ამის გათვალისწინებით, Camex Airlines-ის ხელმძღვანელს ვკითხეთ რუსული სატვირთო კომპანიებისთვის ფრენების აკრძალვამ ბაზარზე რა გავლენა იქონია.

“რუსეთში რეგისტრირებული სატვირთო კომპანიები, რომლებიც გაჩერდა ისინი ძირითადად რუსეთ-ჩინეთისა და დასავლეთ ევროპა/ამერიკის მიმართულებაზე მუშაობდნენ. მათი გაჩერებით ევროპა-ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარი იქაურ დიდ მოთამაშეებზე გადანაწილდა, ხოლო ჩინეთის ბაზარი თავად ჩინურმა კომპანიებმა აითვისეს. მათთვის ბაზრის ჩაკეტვა ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს, რადგან სულ სხვა ტიპის ბორტებით ვოპერირებთ. ბუნებრივია ამ პროცესს მსოფლიო ბაზარზე გავლენა ჰქონდა, თუმცა არა ჩვენს სეგმენტზე”,-ამბობს სეთურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები