მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს სატვირთო ავიაგადაზიდვები 19%-ით შემცირდა - კომპანიები მიზეზებს განმარტავენ

63fb5ffbab7db
მარიამ იზორია
26.02.23 20:41
807
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს სატვირთო გადაზიდვები 19%-ით შემცირდა. გასულ წელს სატვირთო ავიაკომპანიებმა ჯამში 11 182 ტონა ტვირთი გადაზიდეს, ხოლო 2021 წელს ეს მაჩვენებელი 13 758 ტონას შეადგენდა.

2022 წელს სატვირთო გადაზიდვების შემცირებასთან დაკავშირებით ავიაკომპანია “ჯეოსქაის” ვიცე-პრეზიდენტი bm.ge-სთან განმარტავს, რომ ეს შედეგი კოვიდ შეზღუდვების მოხსნამ განაპირობა, რადგან პანდემიის პერიოდში შეზღუდული სამგზავრო-სატვირთო გადაზიდვების ფონზე, სრული დატვირთვა საჰაერო სატვირთო გადაზიდვებზე მოდიოდა, გასულ წელს კი სამგზავრო სატვირთო გადამზიდავები შეზღუდვების გარეშე ოპერირებდნენ.

"ჯეოსქაის" ვიცე-პრეზიდენტი შალვა კიკნაძე აცხადებს, რომ 2022 სტაბილურობის წელი იყო, ამან კი აჩვენა, რომ სატვირთო ავიაგადაზიდვები 2019 წლის სტაბილურ მდგომარეობას უბრუნდება.

„პანდემიასთან დაკავშირებული მთელი რიგი შეზღუდვები მოიხსნა. მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა სამგზავრო ავია გადამზიდავმა დაიწყო ოპერირება, შესაბამისად, ტვირთების გადამისამართება მოხდა სამგზავრო საჰაერო ხომალდებისთვის და ისეთი მოთხოვნა საჰაერო სატვირთო გადამზიდავ კომპანიებს აღარ ჰქონდათ.

იმ რაოდენობის ფრენა, რაც 2021 წელს შევასრულეთ ჩვენს კომპანიას არსებობის მანძილზე არ შეუსრულებია. 2022 წელს გადაზიდვების მაღალი დონე კვლავ შევინარჩუნეთ. მიმდინარე წელი გვაჩვენებს რომ 2019 წლის სტაბილურ მდგომარეობას ვუბრუნდებით“, - განმარტავს შალვა კიკნაძე.

CAMEX Airlines-ში კი მიიჩნევენ, რომ 2022 წლის მონაცემები ინდუსტრიაში, სავარაუდოდ, ყველაზე დაბალი წერტილი იქნება. საჰაერო გზით შემცირებული სატვირთო გადაზიდვების მიუხედავად, კომპანიების შემოსავლები არ შემცირებულა, რაც ინფლაციით და გაძვირებული მომსახურებით აიხსნება.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 2023 წელს სექტორი სტაბილურ ნიშნულს უბრუნდება. რაც შეეხება უშუალოდ CAMEX Airlines, კომპანია ახალი ბორტების დამატებას და უფრო მეტი ტვირთის მომსახურებას გეგამვს.

„არის ბაზრები, სადაც მოთხოვნა კვლავ მაღალია, მაგრამ ძირითადი მიმართულებები 2019 წლის ნიშნულებს დაუბრუნდა. კომპანიების შემოსავლები 2019 წელთან შედარებით მაინც მაღალია, რაც არა მოთხოვნით, არამედ ინფლაციითაა განპირობებული.

გადავდივართ სტაბილურ მდგომარეობაზე. ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს და მოთხოვნაც არსებობს. ვამატებთ თვითმფრინავებს და წლის ბოლომდე ჯამში 4 ბორტი გვეყოლება. ამ ეტაპზე ტვირთებს 1 ბორტით ვემსახურებით“, - ამბობს CAMEX Airlines-ის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები