კომპანია CAMEX Airlines-ის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბების პოტენციალზე ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და ერთი ხელის მოსმით არ გადაიჭრება:“ის რომ, ჩვენ გვინდა ჰაბი გავხდეთ, ამბიციურიც არის და დაგვიანებულიც, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია“, - განაცხადა მან.
მიზეზებზე, თუ რატომ ვერ მოახერხა ქვეყანამ აქამდე საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბება, მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა. ასევე განმარტა, საკითხები, რაც ქვეყანას საავიაციო ჰაბად ჩამოყალიბებისთვის სჭირდება.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფოს ან რომელიმე ხელისუფალს არ უნდოდა საქართველოში ავიაცია განვითარებულიყო და თუნდაც მცირე მასშტაბის რეგიონალური ჰაბი ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ძალიან ბევრი ფაქტორი იყო, რასაც ვაბრალებთ, რომ ეს ჩვენ არ გვაქვს. მაგალითად, ამის მიზეზია კონკურენცია - ჩვენს გარშემო რამდენიმე მსხვილი ჰაბია, ერთ-ერთია თურქეთი, სტამბოლის ჰაბი, რომელიც აგრესიულად და სახელმწიფოს დიდი მხარდაჭერით ცდილობს მოიზიდოს რაც შეიძლება ბევრი მგზავრი რეგიონიდან. ასევე სამხრეთით გვაქვს დიდი ჰაბი დუბაი და დოხა.
30 წლის წინ, პირველ რიგში ბიზნესის სურვილი/ინვესტიცია, რომ ყოფილიყო რაღაცას მივიღებდით, მაგრამ ხელიდან ბევრი შესაძლებლობა გავუშვით. ასევე ახალი აეროპორტი, რომელიც ახლა უკვე ძველია, მისი კონფიგურაციაც, რომელიც ორიათასიან წლებში გაკეთდა, ტრანზიტულ საქმიანობას ხელს საერთოდ არ უწყობდა.
დღეს ეს აქტუალურია და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა დაინტერესდეს ბიზნესი რომ ამის გარეშე მარტივი არ არის ამ დიდ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიო. ბევრ რამეს ისეთს ვითხოვთ რაც ბიზნესმა თავად უნდა გააკეთოს. მაგალითად, ჩვენ გვჭირდება რეგულირების მხრივ მოქნილი სააგენტო, რაც დღეს აბსოლუტურად უპრობლემოა და ნებისმიერ სუბიექტს ვისაც უნდა კანონის ფარგლებში იმოქმედოს საქართველოში, ამის საშუალება აქვს. ევროინტეგრაციის პირობებში ჩვენ უფრო დახვეწისკენ მივდივართ და ევროპული კანონების ადაპტაციისკენ. ნებისმიერ ბიზნესუბიექტს შეუძლია, თავისუფლად, ყოველგვარი რისკის გარეშე ადმინისტრაციის მხრიდან საქმიანობა აწარმოოს. რაც შეეხება თვითონ ბიზნესის წამოწყებას, საჭიროა სწორი პარტნიორები“, - განაცხადა მან.
გიორგი სეთურიძემ ასევე სატვირთო ჰაბის განვითარებაზეც ისაუბრა, რის მაგალითადაც აზერბაიჯანი მოიყვანა:„დაახლოებით 20 წელია ამ ბიზნესში ისინი სერიოზულ ინვესტიციებს აკეთებენ და სახელმწიფოს მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა ჰქონდათ და აქვთ. მაგრამ, სუფთა გეოლოკაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორის მარშრუტს თუ შევხედავთ, ვჯობნით როგორც სამხრეთ ქვეყნებს, ისე აღმოსავლეთით სტამბოლსაც და ეს ჩვენი პრივილეგიაა", - თქვა სეთურიძემ.