თბილისში ორი ახალი საბაგირო ხაზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მიმდინარეობს. პროექტზე მერიის მხარდაჭერით შვეიცარიული კომპანია Bartholet-ი მუშაობს.
პირველი მარშრუტი ნუცუბიძეს, ლისს, საბურთალოსა და დიღომს დააკავშირებს, მეორე კი სადგურის მოედნიდან თბილისის ზღვისკენ ავა. შვეიცარიული კომპანია Bartholet-ს წარმომადგენელი საქართველოში ასმათ აბესაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ ახალი საბაგირო ხაზის მოწყობა სავარაუდოდ, ნახევარი მილიონი დოლარი დაჯდება.
"ჩვენ წამოვიწყეთ კიდევ ორი ძალიან საინტერესო პროექტი. ამ პროექტის „feasibility study“-ს ანუ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავების პროცესში ვართ. ქალაქ თბილისის მერია გვიჭერს მხარს. ეს აბსოლუტურად კერძო ინიციატივაა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე ამ შეფასებას დავასრულებთ.
კიდევ ორი ძალიან საინტერესო ხაზი გამოიკვეთა, რომელიც ქალაქ თბილისის მერიას აინტერესებს და რომელიც, დარწმუნებული ვარ, რომ თბილისელებს მოეხმარება იმაში, რომ გადმოსხდნენ კუთვნილი ავტომობილებიდან და გამოიყენონ საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
არის ასეთი ინტერესი, რომ იყოს საბურთალოზე, ნუცუბიძიდან [საბაგირო ხაზი] ავიდეს ლისზე, იქიდან გადავიდეს თიბისი ბანკის ოფისთან და დიღმისკენ გადავიდეს. დიღომში უზარმაზარი პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის წვდომის, ეს კი ძალიან წაადგება დიღმელებს, რომლებიც ძალიან მარტივად შეძლებენ საბურთალოზე ჩამოსვლას. იგივე შეეხება ლისის დასახლებას.
მეორე პროექტია, სადგურის მოედნიდან საბაგირო ხაზი ავიდეს თბილისის ზღვისკენ.
ვნახოთ რას გვეტყვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ამ დასაბუთების შედეგებს შევთავაზებთ ქალაქ თბილისის მერიას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი ხელს შეგვიწყობენ, რომ ბოლოში გავიყვანოთ ეს პროექტი და საბოლოო ჯამში თბილისში გაკეთდეს ხარისხიანი და ძალიან მაღალი ხარისხის ტაქსი, საჰაერო ტაქსი, ანუ Bartholet-ის სისტემის საბაგირო გზა",-განაცხადა "საქმის კურსთან" ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენელმა საქართველოში, ასმათ აბესაძემ.






















