მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საია: 28 ნოემბრიდან ხდება უკანონო დაკავებები, მუქარა საჯარო მოხელეების წინააღმდეგ, წამება...

GYLA

ძალადობის მასშტაბი და ორგანიზებულობა ამტკიცებს, რომ ხორციელდება დანაშაულებრივი ოპერაცია სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ განცხადებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ავრცელებს.

საიას განცხადებით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში, როგორც ოფიციალური საპოლიციო ღონისძიების ნაწილი, ხდება წამება; არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, დემონსტრანტების ფართო ჯგუფისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ; ნაცემია დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა.

"ასევე, აქტიური სპეციალური საშუალებების (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი) გამოყენების წესების, არა მარტო, დარღვევა, არამედ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ფორმით გამოყენება;

არაფორმალური კრიმინალური დაჯგუფებების თავდასხმები დემონსტრანტებსა და მედიის წარმომადგენლებზე; მიზანმიმართული დევნა მედიის წარმომადგენლების მიმართ; რაც, რიგ შემთხვევებში, დაზიანებებით და ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობით სრულდება.

უკანონო დაკავება ადმინისტრაციული წესით (დაკავებულია 500-მდე პირი, ხოლო, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით სახელმწიფოს ევროპის საბჭოს კომისარმაც მიმართა);

ჩხრეკა/ამოღების ოპერაცია ბინებსა/ოფისებში;

სისხლის სამართლის მექანიზმების დემონსტრანტების მიმართ გამოყენება (დაკავებულია 30-ზე მეტი პირი);

მუქარა საჯარო მოხელეების მიმართ - გარდა ფიზიკური ძალადობისა, ხელისუფლება ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება საჯარო მოხელეებში მათი გათავისუფლების პირდაპირი თუ ირიბი მუქარით და თანამდებობის დატოვებისკენ მოწოდებით", - წერია საიას განცხადებაში, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები