"რუსული კანონი" ამოქმედდა. "ქართული ოცნება" არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციისკენ მოუწოდებს. ვადა თვის ბოლომდეა. რეგისტრაციისა და დეკლარაციის წარდგენაზე უარის თქმა 25 ათას ლარიან ჯარიმას იწვევს. "საიაში" აცხადებენ, რომ ისინი რეესტრში არ დარეგისტრირდებიან.
"მაშინ, როდესაც ეს კანონი ჩვენ საქმიანობას უცხოური ქვეყნის ინტერესების გატარებას არქმევს, ჩვენთვის არის მიუღებელი, ღირსების შემლახავი, სტიგმატიზების შემცველი და ჩვენ რეგისტრაციას არ ვაპირებთ. ეს კანონი ევროინტეგრაციის შემაფერხებელია. არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნაც, რომელიც ამბობს, რომ კანონი ადამიანის უფლებების დაცვასთან თანხვედრაში არ არის. საბოლოოდ, ის ორგანიზაციების შეზღუდვას გამოიწვევს", - აცხადებს საია-ს თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე.
"რუსული კანონი" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციას და არასამთავრობოების ნაწილს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. როდის დაიწყება განხილვის პროცესი უცნობია, თუმცა მესამე სექტორში ითხოვენ, საკონსტიტუციომ აგვისტოს ბოლომდე სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის შესაძლებლობა და ჯარიმების დაკისრება განიხილოს და გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღოს.
"მოთხოვნილი გვაქვს, სასამართლომ იმ ნორმების მოთხოვნები შეაჩეროს, რომლებიც მონიტორინგს და იმ რეპრესიულ ზომებს უკავშირდება, რომლებიც ამ კანონის ფარგლებში, შეიძლება გამოყენებული იყოს. საკონსტიტუციო სასამართლომ კი ნორმების შეჩერების შემდეგ გააგრძელოს მსჯელობა, ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია თუ არა", - აღნიშნავს ნონა ქურდოვანიძე.
სად და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ორგანიზაციები "რუსული კანონის" რეესტრში? - პროცედურა