მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტემბრიდან რეპრესიული მექანიზმების ამუშავება დაიწყება - ცქიტიშვილი "რუსულ კანონზე"

დიმიტრი ცქიტიშვილი

"იმ რეპრესიული მექანიზმების ამუშავება დაიწყება, რომლებიც ამ [რუსულ] კანონშია ჩადებული", - ამის შესახებ "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე აცხადებს. დიმიტრი ცქიტიშვილი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაციას არ აპირებს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავრეგისტრირდებით. პროცესს მივყვებით. ჩვენ, ალბათ, ძალიან მალე დავინახავთ, რომ მონიტორინგი დაიწყება და გარკვეული აქცენტები იმ ორგანიზაციებზე გაკეთდება, რომლებიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილები არიან. იმ რეპრესიული მექანიზმების ამუშავება დაიწყება, რომლებიც ამ [რუსულ] კანონშია ჩადებული. ამ კანონს არანაირი გამჭვირვალობის მიზანი არ გააჩნდა. მას რეპრესიების, დაჯარიმების და ორგანიზაციების საქმიანობის შეჩერების მიზანი აქვს. სექტემბრის ბოლოდან ველოდები, რომ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საარჩევნო დამკვირვებლები არიან, ზეწოლა დაიწყონ, რათა არჩევნებისთვის ველი გაასუფთაონ და არასამთავრობო სექტორი პარალიზებული იყოს", - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია რეგისტრაციაზე უარს იტყვის, ის 25 ათასი ლარით დაჯარიმდება და იუსტიციის სამინისტრო უცხოური ძალის გამტარებლად თავად დაარეგისტრირებს. როგორც ყოფილი დეპუტატი აღნიშნავს, დაკისრებული ჯარიმა ორგანიზაციების ნაწილის გაჩერებას გამოიწვევს.

"25 - ათასიანი ჯარიმა განუზომლად დიდია, მით უმეტეს იმ სექტორში, სადაც ამხელა თანხები არ ტრიალებს. როდესაც დაჯარიმებული ხარ, არ იხდი ან ვერ იხდი, ავტომატურად გიწევს ანგარიშების დაყადაღება იმისთვის, რომ სახელმწიფომ თანხებია აიღოს. დაყადაღებული ანგარიშებით კი ორგანიზაცია, ფაქტობრივად, იხურება. ეს არის დაკანონებული მექანიზმები, როგორ შეგვიძლია, ჯარიმებით შევაჩეროთ ნებისმიერი ორგანიზაცია", - აღნიშნავს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი.

დღეიდან არასამთავრობო ორგანიზაციები ვალდებული არიან, თვის ბოლომდე მთავრობის მიერ შექმნილ ფინანსურ დეპარტამენტში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირდნენ. კანონის მიხედვით, უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად ის ორგანიზაციები ითვლებიან, რომლებსაც შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები